ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიმდინარე წელს 282 გველი დაიჭირა. აქედან არც ერთი მათგანი შხამიანი ქვეწარმავალი არ ყოფილა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის თემურ ფხალაძის თქმით, წელს გველის მიერ დაკბენის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, ქვეწარმავლების შესახებ გამოძახების რიცხვი თბილისის მასშტაბით წელს შარშანდელთან შედარებით მცირეა.
”ქვეწარმავლების აქტივობა სიცხეში ჩვეულებრივი მოვლენაა და ამ მხრივ წელს გამონაკლისი არ არის. მიმდინარე წლის სტატისტიკურ მონაცემებს თუ შევადარებთ შარშანდელ ანალოგიურ პერიოდს, ქვეწარმავლების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის.
ქვეწარმავლის მხრიდან ადამიანის დაკბენის შემთხვევები წელს არ დაფიქსირებულა”, - განაცხადა ფხალაძემ.
სააგენტოში ქვეწარმავლების შესახებ წელს 580 შეტყობინება შევიდა. აქედან რეაგირება 557 შემთხვევაში განხორციელდა და 282 ქვეწარმავალია დაჭერილი.