მთელი ღამის განმავლობაში, საავადმყოფოში Gem fest-ის კიდევ ექვსი მონაწილე გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მორიგე ექიმი ლაშა გრიგოლია საზოგადოებრივთან აცხადებს, რომ საავადმყოფოში შეყვანილი ექვსი პაციენტიდან, ხუთს სხვადასხვა სიმპტომები, ერთს კი, უცხო ნივთიერებით ინტოკსიკაცია აღენიშნებოდა.
„19 წლის გოგონა, რომელიც უცხო ნივთიერების ინტოქსიკაციით შემოიყვანეს, ამ დრომდე, საავადმყოფოში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი ხუთი, უკვე გავწერეთ. მათ აღენიშნებოდათ მცირე ნაკაწრები, ნამზეური, მაღალი სიცხე“, – აცხადებს ექიმი.
შეგახსენებთ, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Gem Fest-ზე დაუდგენელი ნივთიერებებით ინტოქსიკაციის 10-ზე მეტი შემთხვევა გამოვლიდა. 4 აგვისტოს კი 22 წლის გოგო მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
ამასთანავე, თეთრი ხმაურის მოძრაობამ Gem Fest-ის სტუმრებისთვის სპეციალური განცხადება გაავრცელა:
,,ვრცელდება ინფორმაცია, GEM fest-ზე მყოფი რამდენიმე ადამიანის მძიმე ინტოქსიკაცია შესაძლოა გამოწვეული იყოს ნივთიერება GHB-ით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მომატებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, ვავრცელებთ მცირე ინფორმაციას ამ ნივთიერების, მის მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების და აუცილებელი რეკომენდაციების შესახებ. GHB, იგივე [G, Georgia Home Boy, Juice] ტოქსიური პრეპარატია ზედოზირების მაღალი რისკებით. ის ცნს-ის დამთრგუნველი მოქმედებით გამოირჩევა და დოზის მცირე ცვლილებაც კი მძიმე ზედოზირების რისკს ქმნის, რის დროსაც ითრგუნება სასუნთქი სისტემა, შესაძლოა ადამიანი ჩავარდეს კომაში და/ან გარდაიცვალოს.
ზედოზირების ნიშნებია:გულყრა, კოორდინაციის დაკარგვა, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის დაცემა, შენელებული სუნთქვა და გულის ცემა, ცნობიერების დაკარგვა, კომა.
- არ მისცეთ GHB მიღებულ ადამიანს ჩაძინების შესაძლებლობა (რომც მოგეჩვენოთ რომ ის ცუდად არ არის);
- თუ პირს დაეწყო პირღებინება და ამავდროულად ის უგონოდ არის ან ვერ მართავს საკუთარ სხეულს, გადააბრუნეთ ის მუცლით ქვემოთ რომ ღებინებამ არ გამოიწვიოს ადამიანის დახრჩობა;
- არ მიიღოთ სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად. მისი არევა ალკოჰოლთან, სტიმულანტებთან (MDMA, ექსტაზი, ამფეტამინი) ოპიატების ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებთან ზრდის ზედოზირების რისკს.
- არ დარჩეთ მარტო GHB-ის მოქმედების დროს;
- არ მიიღოთ GHB თუ გაწუხებთ გული, თირკმელი ან გაქვთ ეპილეფსიური შეტევები.
- კრუნჩხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ბენზოდიაზეპინების ჯგუფის პრეპარატებს, მაგალითად დიაზეპამი (ვალიუმი), რომლებიც ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველები არიან, მაგრამ GHB-ის აგონისტებიც არიან და ამ უკანასკნელის მოქმედების გაუვნებელყოფა შეუძლიათ.
- ყველაზე მძიმე პერიოდი მიღებიდან 20-120 წუთის განმავლობაშია“, - წერია განცხადებაში.