„ქედს ვიხრი თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ემსახურება სამშობლოს, ვინც ბრძოლაში სიცოცხლე დაკარგა, ვინც განშორებულია თავის ოჯახს. ვუცხადებ მათ პატივისცემას და საქართველოს მოქალაქეების სახელით უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უმძიმესი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილი უმცროსი სერჟანტის ოჯახს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს - „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს.
შეგახსენებთ, რომ ვღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას განხორციელებული თავდასხმისას, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 25 წლის მდინარი ბებიაშვილი გარდაიცვალა.
მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე.