სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 211 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 29,4% ქალაქ თბილისშია განთავსებული, 21,8% - იმერეთში, 12,3% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 11,4% - კახეთის რეგიონში, 8,1% - ქვემო ქართლში, 5,2% - აჭარაში, 4,3% - შიდა ქართლში, 2,8% - სამცხე-ჯავახეთში, 1,9% - გურიაში, 1,9% - მცხეთა-მთიანეთში და 0,9% - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში.
ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის 2016 წელს მოქმედი ბაზრობების საერთო რაოდენობის 77,3%, ინდივიდუალური მეწარმეების წილად კი - 20,4%. ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია კოოპერატივის (0,9%), სააქციო საზოგადოების (0,9%) და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0,5%) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. ბაზრობების 95,7% კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4,3% - სახელმწიფო საკუთრებაში.
2016 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები, ბაზრობები და ბაზრობის ტიპის საწარმოები განთავსებული იყო 2,0 მლნ. კვადრატულ მეტრ ფართობზე. ამ ტერიტორიაზე განლაგებული დახლების სიგრძე 55,4 ათასი მეტრია, რომელთა 66,7% შენობაშია განთავსებული. ბაზრობებს გააჩნია 80 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1673 - შემნახველი საკანი (საწყობი) 30,0 ათასი კვ. მეტრი ფართობით, 0,8 ათასი ტონის ტევადობის - 353 მაცივარი.
2016 წელს ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ საწარმოებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3,2 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 33,9% ქალია. დასაქმებულთა 44,7% ქალაქ თბილისზე მოდის, დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება. „საქსტატის“ ცნობით, საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 59,9 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 45,3 ათასი კაცი ვაჭრობს.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეს არის ორგანიზებული: ყოველდღიური ვაჭრობა 169 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა - 20 ბაზარში მიმდინარეობს, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, ერთ-ერთი ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ შაბათს და კვირას, დანარჩენი ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში.
2016 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 144,3 მლნ. ლარი შეადგინა. ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისათვის (ერთჯერადი გადასახდელის სახით) გადახდილია 53,3 მლნ. ლარი, რაც ბაზრობების დირექციების შემოსავლების 36,9%-ს შეადგენს. 57,2%-ს შეადგენს შემოსავლები სავაჭრო ფართის გაქირავებიდან, ხოლო 5,8% - სხვა სახის შემოსავლებს მიეკუთვნება. 2016 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 98,2 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურებამ დასაქმებულ პერსონალზე - 27,3 მლნ. ლარი.