„ფრთხილად, 400 მეტრში ოკუპანტია!" - ამ ლოზუნგით ავტობანზე, სოფელ ყარაფილას გადასახვევთან სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ინიციატივით აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს არის საინფორმაციო ხასიათის აქცია, რომელიც პერმანენტულ სახეს მიიღებს.
მათივე ცნობით, აქცია სამოქალაქო პატრულირების ფარგლებში მიმდინარეობს.
სამოქალაქო პატრულირების ინიციატორის, დავით ქაცარავას განმარტებით, ოკუპაციის შეჩერების მიზნით, საინიციატივო ჯგუფი ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, მოქალაქეებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ შესაძლოა ისინი რუსეთის ჯარების სამიზნეები გახდნენ, თუმცა უკან დახევას არ აპირებენ.