„ზოგადად, გამოცდები სტრესთან არის დაკავშირებული და ყველა ადამიანი სტრესის ქვეშ ვერ აღწევს სასურველ შედეგს“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ეროვნულ გამოცდებზე არსებული პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობს.
მინისტრის თქმით, საზღვარგარეთაც კი, სადაც იდეალური პირობებია შექმნილი, იქაც არის შემთხვევები, რომ აბიტურიენტები ვერ აგრძელებენ გამოცდაში მონაწილეობას.
„რა თქმა უნდა პრობლემები ცნობილია ეროვნულ გამოცდებზე. სტრესის ქვეშ და რთული პირობებში ქვეშ ყველა ადამიანი ერთნაირად ვერ აღწევს შედეგს. მე მახსოვს, როდესაც ვაბარებდი 27 წლის წინ, აბიტურიენტების ნაწილმა ვერ გააგრძელა გამოცდის წერა. ჩვენ ყოველწლიურად გავაუმჯობესებთ პირობებს, ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, მაგალითად კონდიცირების კუთხით, თუმცა სამწუხაროდ გამოცდა სტრესთან არის დაკავშირებული. საზღვარგარეთაც კი, სადაც იდეალური პირობებია შექმნილი, იქაც გვაქვს შემთხვევები, რომ აბიტურიენტები ვერ აგრძელებენ გამოცდაში მონაწილეობას. პირობები გაუმჯობესდება, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. სახელმწიფო შესყიდვა რაღაც გარკვეულ შეზღუდვებს გვაკისრებს, იგივე კალმების ხარისხის მიმართულებით და სხვა, თუმცა ყველა პრობლემა წყდება. გახსოვთ, შარშან რა პრობლემაც იყო, ტექნიკასთან დაკავშირებული, ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით, წელს მინიმუმამდეა დაყვანილი და ზუსტად ასე დარწმუნებული ვარ, წლევანდელი პრობლემები მომავალ წელს იქნება გათვალისწინებული და გადაჭრილი", განაცხადა ჯეჯელავამ.