საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებრივი მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ინიციატორებსა და ორგანიზატორებს მიმართავს, რომლებიც საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციებს გეგმავენ.
შსს-ს ინფორმაციით, „ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც აქციის ორგანიზატორებს განემარტათ, ის რისკები და გამოწვევები, რომლებიც მათ ინიციატივას უკავშირდება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ საზოგადოებრივი მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ინიციატორებსა და ორგანიზატორებს, რომლებიც გეგმავენ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულ გადაადგილებას.
ჩვენი უწყების წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს განუმარტეს ის რისკები და გამოწვევები, რომლებიც მათ ინიციატივას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ზოლთან ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შსს-ს დანაყოფები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და მონიტორინგის შესაბამისი ფუნქციებით არიან აღჭურვილნი. საყურადღებოა, რომ საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის განხორციელება. ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ამავდროულად, უფლებას ვიტოვებთ, ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში.
სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საოკუპაციო ხაზთან პატრულირებას იწყებს. აქტივისტები უკვე შეიკრიბნენ სოფელ ყარაფილასთან. მოძრაობის ორგანიზატორების განცხადებით, მათი ინიციატივა მხოლოდ სამშვიდობო ხასიათს ატარებს.