ბათუმში სტუდენტური საზაფხულო დასაქმების პროგრამა მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში 200 სტუდენტის დასაქმებაა გათვალისწინებული. ივლისში 100 სტუდენტია დასაქმებული, 100 კი აგვისტოში დასაქმდება.
პროგრამაში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებული, ავტორიზებული უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები მონაწილეობენ.
წელს პირველად, პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია ვებგვერდზე www.studenturidasaqmeba.ge გაიარეს.
სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მონაწილეთა შერჩევისას მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, სოციალურად დაუცველ, უდედმამო, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ, სხვადასხვა სახის მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილე სტუდენტებს, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილის, დაღუპულის ან დაკარგულად აღიარებულის შვილებს მიენიჭათ უპირატესობა.
სტუდენტები ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ და ადმინისტრაციულ ერთეულებში პროფესიული კუთხით არიან დასაქმებულნი და გაწეული შრომა მერიაში გავლილ სტაჟირების კურსად ეთვლებათ. სტუდენტების მიერ გაწეული შრომის ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს.