21-23 ივლისს ბათუმი უმასპინძლებს მეხუთე საერთაშორისო ღია თასს ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 12 ქვეყნის 400-მდე მოაზროვნე, სახელდობრ: აზერბაიჯანი, ბელარუსი, გერმანია, ესტონეთი, ისრაელი, ლატვია, მოლდოვა, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა, ჩეხეთი.
ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება „რა? სად? როდის?“ კლუბების საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, „ბროლის ბუს“ ორგზის მფლობელი - ალექსანდრ რუბინი (ისრაელი).
საქართველოს ინტელექტ-კლუბის პრეზიდენტის, გიორგი მოსიძის თქმით: „აჭარა უკვე მე-18-ედ უმასპინძლებს ინტელექტუალური თამაშების საერთაშორისო ფესტივალს. 1998-2011 წწ ტარდებოდა სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატი, 2012 წლიდან კი ფესტივალი გაფართოვდა და მასში ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობა. შავი ზღვის ღია თასი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალია ინტელექტუალური თამაშების სამყაროში. ერთის მხრივ, ეს სერიოზული სპორტული შეჯიბრია, რომლის ორი საუკეთესი გუნდიც „რა? სად? როდის?“ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას (ა.წ. 3-5 ნოემბერს ქ. ასტანაში (ყაზახეთი) გაიმართება); მეორეს მხრივ, ბათუმი პოპულარული კურორტია, რომელიც ფესტივალის მონაწილეებს დასვენების შესანიშნავ საშუალებას სთავაზობს“.
ღონისძიებაზე სათამაშოდ ჩამოვა მსოფლიოს არაერთი უძლიერესი მოაზროვნე. საქართველოს ღირსებას ფესტივალზე 20 გუნდი დაიცავს, მათ შორის: დავით რაფავას, ბაჩანა შენგელიას, ბესიკ ბუთურიშვილის, დავით სიჭინავასა, დავით ბაციკაძის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის, ეკატერინე ჩხარტიშვილის, გარსევან ჯორბენაძის და სხვა ექვსეულები. დავით რაფავას ექვსეული მეორე ნომრადაა განთესილი და ტურნირის ოფიციალური ფავორიტია.
საკუთრივ „რა? სად? როდის?“-ის გარდა, ღონისძიების პროგრამაშია ინტელექტუალური თამაშები „Jeopardy!” და „ხამსა“. აგრეთვე, შაბათს საღამოს ფესტივალის პროგრამით გაიმართება „რა? სად? როდის?“ ტურნირი სახალისო და იუმორისტულ შეკითხვებზე. კვირას, 23 ივლისს საერთაშორისო ტურნირს „ბრეინ-რინგში“ ბათუმის ბულვარი უმასპინძლებს.
ფესტივალი ჩატარდება აჭარის ა.რ. მთვარობის მხარდაჭერითა და პირადად მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის პატრონაჟით.
ფესტივალის სპონსორია - კომპანია „ფრეგო“
ფესტივალის ოფიციალური ღვინო - Dugladze Wines & Spirits
ფესტივალის ოფიციალური წყალი - ბორჯომი
პარტნიორები:
· აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
· აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი
· „ფილიპ მორის საქართველო“
· ტურისტული კომპანია „აჭარატური“
· საინფორმაციო სააგენტო „Sova News“
ფესტივალის გახსნის ცერემონია შედგება პარასკევს, 21 ივლისს 14:00-ზე სასტუმრო Euphoria Batumi Hotel-ის სააქტო დარბაზში.