Georgian Airways-ი მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეისებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს, - განცხადებას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში მითითებულია, რომ სამინისტროს შუამდგომლობით მოხდა ქართული კომპანიისთვის იმ 4 სიხშირის აღდგენა, რომელიც რუსეთის საავიაციო ხელისუფლებამ 15 ივლისს შეაჩერა - შედეგად, კომპანიას აქვს შესაძლებლობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეისების განხორციელება.
"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყოველთვის მხარს უჭერს ადგილობრივ ინდუსტრიებს, მათ შორის ადგილობრივი საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო ჰაბისა და ტურისტულად მიმზიდველი მიმართულების პოზიციონირებისთვის.
ადგილობრივი საავიაციო ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორისაა შიდა საავიაციო გადაყვანა-გადაზიდვის, აგრეთვე შიდა საავიაციო სამუშაოების გათავისუფლება დღგ-სგან და ამ სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო საწვავი და საპოხი მასალების გათავისუფლება იმპორტის გადასახადისგან, აქციზისა და დღგ-სგან. აღნიშნული მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს და ხელს უწყობს რესურსების დარჩენას კომპანიებში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შემდგომშიც გააგრძელებს ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ათვისება. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი საავიაციო ინდუსტრიის შემდგომი მხარდაჭერა, რითაც ხელს ვუწყობთ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ტურისტული ჰაბის ჩამოყალიბებას. თუმცა, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლების ინტერესების დაცვა. სამინისტრო იმედოვნებს, რომ ადგილობრივი კომპანიები, სახელმწიფო მხარდაჭერის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ მომხმარებლებს შესაბამისი ხარისხისა და ფასის მომსახურებით", - განმარტებულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საავიაციო ხელისუფლებამ Georgian Airways-ს (აირზენა) რეისების ნაწილი 15 ივლისს გაუუქმა. ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნატქვამი იყო, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელმაც ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს და დაიცვას ქართული ავიაკომპანიის ინტერესები, არ ახდენს რეაგირებას რუსული მხარის მიერ განხორცელებულ უკანონო, ცალმხრივ მოქმედებებზე, რაც როგორც მგზავრებს, ისე ქართულ ავიაკომპანიას უდიდეს პრობლემებს უქმნის. ამავდროულად ქართული კომპანია ეკონომიკის სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა.