პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, საკუთარი მოსაზრების დასადასტრურებლად კი ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს იშველიებს.
ქვეყნის სოციალური მდგომარეობს გაუმჯობესების შესახებ განცხადება ნიკა გილაურმა დღეს, პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე მთავრობის განახლებული სამოქმედო გეგმის - "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე" წარმოდგენისას გააკეთა.
როგორც გილაურმა აღნიშნა, მთავრობის სამოქმედო გეგმა არის განახლებული, თუმცა უცვლელი რჩება მთავარი პრიორიტეტები, როგორც ქვეყნის პოლიტიკური ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
გილაურმა განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკურ მიმართულებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ "ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია", თუმცა მისი თქმით, მთავრობისთვის კვლავ პრიორიტეტულად რჩება სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა.
თუმცა აცხადებს, რომ საქართველოში ცხოვრების დონე ამაღლდა, რადგან მისი ინფორმაციით, ოთხჯერ მეტი ახალი კომპანია არის რეგისტრირებული. მისივე თქმით, საშუალო ხელფასი ოთხჯერ არის გაზრდილი, ორჯერ მეტი ადამიანი მოიხმარს მობილურ ტელეფონს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის სამოქმედო გეგმას და მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას დღეს გამოუცხადებს.