ბათუმში მდებარე სასტუმროებს "ერა პალასსა" და "ჩაოს" ვარსკვლავები მიენიჭებათ. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას კომპანია "გლობალ სტარის" დამფუძნებელმა მიხეილ ბატიაშვიმა განაცხადა, "ერა პალასს" 4 ვარსკვლავი, ხოლო "ჩაოს" 3 ვარსკვლავი მიენიჭება.
ბატიაშვილი განმარტავს, რომ ვარსკვლავების მინიჭების სურვილით, "გლობალ სტარს" აჭარაში განთავსებულმა რამოდენიმე სამინისტრომ უკვე მიმართა და კომპანიაც მათ აუდიტს იწყებს, რათა საბოლოოდ გაირკვეს რა კრიტერიუმებს აკმაყოფლებენ ეს სასტუმროები და რამდენი ვარსკვლავი უნდა მიენიჭოთ.
"ერა პალასი" 39-ნომრიანი სასტუმროა, სადაც ერთი დღით დასვენება 180 ლარიდან 275 ლარამდე ღირს. ხოლო რაც შეეხება "ჩაოს", ის 24 ნომრიანია, სადაც რამის გათევა 90 ლარიდან 185 ლარამდეა.
აღსანიშნავია, რომ "გლობალ სტარმა" აჭარაში ბიზნესმენ თემურ ჭყონიას სასტუმრო "ჯორჯია პალას ჰოტელს" 5 ვარსკვლავი უკვე მიანიჭა.
შეგახსენებთ, რომ 5 მარტს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და კომპანია "გლობალ სტარს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საქართველოში არსებული სასტუმროების კლასიფიკაციას (ვარსკვლავების მინიჭებას) ითვალისწინებს.
"გლობალ სტარში" განმარტავენ, რომ სასტუმროების შეფასების კრიტერიუმი დაფუძნებულია "Hotelstars"-ის მიერ აღიარებული ვარსკვლავების მინიჭების ერთიან სტანდარტზე. ვარსკვლავების მინიჭებისთვის ჩამოყალიბებულია შეფასების 270 კრიტერიუმი, რომელიც მოიცავს სასტუმროს ინფრასტრუქტურას და მომსახურებას.