ქალაქი ბათუმი, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ მასპინძლობს.
კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს სიტვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შევჩოვიჩმა მიმართეს. „საქართველოს ევროპული გზა“ - კონფერენციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა დაესწრო.
“გარემოს დაცვის პრობლემა მთელი ქვეყნის საზრუნავია. გარემოს დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის სოციალურ უფლებებთან. სწორედ ამიტომ ასოცირების შესახებ შეთანხმება დიდწილად მოითხოვს გარემოსდაცვითი თემების დაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან და მოთხოვნებთან“ - განაცხადა ეკეტერინე გრიგალავამ.
კონფერენციაზე ყურადღება ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე გამახვილდა. ასევე იმსჯელეს საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების გათვალისწინებით, კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციის თემების განხილვას. დისკუსია გაიმართა ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესსა და ევროკავშირის მესამე ენერგო პაკეტის თაობაზე.
კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებში ხელი მოეწერება სამ ფინანსურ შეთანხმებას. კერძოდ, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში 250 მლნ ევროს დაფინანსების გამოყოფის, ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსების, ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შევსების ფინანსურ შეთანხმებებს.
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა“ 2007 წლიდან, ტრადიციულად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება.