თბილისში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.
ადგილზე სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილთა განცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი უმრავლესობის წევრის, ენძელა მაჭავარიანის განცხადება გახდა, რომელმაც, მათი თქმით, ერთ-ერთ გადაცემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს „ინვალიდები“ უწოდა.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, აქციის მონაწილეები ენძელა მაჭავარიანთან შეხვედრას და მისთვის იმის განმარტებას ითხოვენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ინვალიდები არ არიან. ამასთან, შშმ პირთა მშობლები ენძელა მაჭავარიანს მოუწოდებენ, მათ მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება მოახდინოს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მზრუნველის პენსიას ეხება.
აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შეურაცხყოფისთვის სანქციები დაწესდეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.