სტომატოლოგიური კლინიკა Appledent-ი ბიზნესის დივერსიფიცირებას გეგმავს და ახალ მიმართულებად სამედიცინო ტურიზმს ირჩევს. კომპანიის მენჯმენტმა ახალი, ტურისტული კომპანია Appletravel-ი გახსნა.
როგორც Appledent-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჩიბურდანიძე განმარტავს, Appletravel-ის ძირითადი დანიშნულება პაციენტების უცხოეთიდან მოზიდვა და მათთვის ხარისხიანი სტუმატოლოგიური მომსახურების გაწევაა.
„პაციენტები გვყავს როგორც რუსეთიდან, ასევე არაბეთის ქვეყნებიდან და ევროპიდან. სტომატოლოგიური საჭიროების პაციენტებს ვუგეგმავთ შემეცნებით ტურებს, ტურისტული შეთავაზება დამოკიდებულია თუ რა პროცედურების ჩატარება სურთ და რა პერიოდი სჭირდებათ მათ ამ სერვისის მისაღებად“, - განმარტავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
ტურისტული სამედიცინო სერვისით სარგებლობის შემთხვევაში უცხოელი ტურისტები საქართველოში ხშირად ოჯახებთან ერთად ჩამოდიან. მოკლევადიანი პროცედურების შემთხვევაში Appletravel-ი თავის პაციენტებს ტურებს უმეტესად თბილისსა და მცხეთაში უგეგმავს, საშუალოვადიანი მკურნალობის შემთხვევაში კი არჩევანის თავისუფლება გაცილებით დიდია და შესაძლებელია ტურის დაგეგმვა კახეთსა და იმერეთში.
ტურის დაგეგმვის პროცესში Appletravel-ი დროის გარდა პაციენტების ინტერესსა და სურვილებს ითვალისიწინებს.
ნინო ჩიბურდანიძე მიიჩნევს, ეს მიმართულება ბაზარზე მოთხოვნადია. იმედოვნებს, რომ ბიზნესის ახალი მიმართულება გაამართლებს და მომავალში სასტუმროს აშენებსაც არ გამორიცხავს. ვიდრე Appletravel-ი უცხოელ პაციენტებს საკუთარი სასტუმროს მომსახურებას შესთავაზებს, სხვადასხვა სასტუმროსა და რესტორნების ქსელის მომსახურებით სარგებლობს და ამ მიმართულებით თანაპარტნიორებიც ჰყავს.
ნინო ჩიბურდანიძე ამბობს, რომ საქართველოს სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის კარგი პოტენციალი გააჩნია, რამდენადაც ქვეყანაში კლინიკებს თანამედროვე აპარატურა აქვთ, შესაბამის ტექნოლოგიებს იყენებენ და უცხოელ ტურისტებს შეუძლიათ კარგი სამედიცინო მომსახურების მიღება კვალიფიციური ექიმებისგან კონკურენტუნარიან ფასად.
სტომატოლოგიური კლინიკა ბაზარზე 2009 წლიდან არის წარმოდგენილი და აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, საუკეთესო მასალებით და მუშაობენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც სტაჟირებას გადიან ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში. კლინიკაში ბავშვებსა და მოზრდილ პაციენტებს თერაპიულ, ქირურგიულ, ორთოპედიულ, ორთოდონტიულ, ინპლანტოლოგიურ, პარადონტოლოგიურ მომსახურეობას სთავაზობენ.
Appledent-ი ახალი მიმართულების განვითარების მიზნით კონტაქტების დამყარებას აქტიურად ცდილობს. ამ მიზნით კომპანია წარმოდგენილი იყო თბილისში გამართულ სამედიცინო ტურიზმის სემინარზე, რომელიც თურქრული ორგანიზაცია Turkish Healthcare Travel Council-მა გამართა. ღონისძიება B2B ფორმატში გაიმართა და Appletravel-მა თურქული კომპანიისგან კლინიკაში მიპატიჟება მიიღო, სადაც შესაძლებლობა ექნება კომპანიის შეთავაზებებს გაეცნოს და გაიზიაროს თურქული კომპანიის გამოცდილება.
Turkish Healthcare Travel Council-ი 2005 წელს დაარსდა და მას წარმომადგენლობა მსოფლიოს 90 ქვეყანაში აქვს, მათ შორის საქართველოშიც. საქართველოში Turkish Healtcare Travel Council-ის ექსკლუზიური პარტნიორია კომპანია BE FREE, რომელიც ქართველ პაციენტებს თურქეთში შეღავათიანი ტარიფებით მკურნალობას სთავაზობს. ტურისტული კომპანია BE FREE 6 თვის წინ გაიხსნა, ის საქართველოს ბაზარზე დიდი გამოცდილების მქონე ტურისტული კონმპანია Wonderland-ის შვილობილია, რომელიც იმავდროულად საქართველოში Turkish Healtcare Travel Council-ის წარმომადგენელიცაა.
BE FREE ორიენტირებულია სამედიცინო ტურიზმზე და მისი მიზანია, პაციენტების გაგზავნა თურქეთის სხვადასხვა წამყვან კლინიკაში.
Turkish Healthcare Travel Council-ი მარკეტინგულ კამპანიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აწარმოებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებსა და სამედიცინო ტურიზმით დაინტერესებულ კლინიკებს თურქეთის გამოცდილებას აცნობს და ვორქშოფებსა და სემინარებზე თურქეთშიც არაერთხელ ეპატიჟება.