სტამბოლის მესამე აეროპორტის სამშენებლო სამუშაოების 55%-ი დასრულებულია. აეროპორტის მშენებლობის პროცესს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ადგილზე გაეცნო და მშენებლობის პროცესს ვერტმფრენიდანაც დააკვირდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მესამე აეროპორტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ თურქეთი აფრიკის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებისთვის ავიაციის ცენტრი გახდება.
„აეროპორტის მშენებლობაში 10 მლრდ ევროზე მეტი ჩაიდო, თუმცა სახელმწიფოს პროექტის განხორციელაბაში ერთი ქურუშიც კი არ ჩაუდევს. იმავდროულად 25 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მისგან იჯარის სახით 1 მლრდ 50 მლნ ევროს მივიღებთ“, აღნიშნა პრემიერმა.
სტამბოლოს მესამე აეროპორტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სტამბოლიდან რეისები მსოფლიოს 350 ქალაქის მიმართულებით განხორციელდება.
დღეისათვის სტამბოლიდან რეისები 282 ქალაქის მიმართულებით სრულდება.
აღსანიშნავია, რომ სტამბოლის მესამე აეროპორტის მშენებლობის პირველი ეტაპი 2018 წლის 26 თებერვლამდე დასრულდება. პირველი ეტაპის ბიუჯეტი 6 მლრდ ევროა და მისი გახსნა 2018 წლის 29 ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული.
ცნობილია, რომ აეროპორტს მსოფლიოში ყველაზე დიდი პარკინგი ექნება, რომელიც 18 ათას ავტომობილზე იქნება გათვლილი.
აეროპორტის სადისპეჩერო ანძა კი ტიტის ფორმისა იქნება.
სტამბოლს ამ დროისათვის ორი: ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი და საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება. სტამბულის ახალი აეროპორტის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2013 წელს იქნა მიღებული. აეროპორტის მშენებლობის ტენდერი "Limak-Kolin-Cengiz-MaPa-Kalyon"-მა მოიგო, რომელმაც პროექტი 22,1 მლრდ დოლარად შეაფასა. აღნიშნული აეროპორტი თავდაპირველად წელიწადში 90 მლნ მგზავრს მოემსახურება, ხოლო შემდგომ გამტარუნარიანობა 150 მლნ მგზავრამდე გაიზრდება.
სტამბულში მესამე აეროპორტი, რომელიც ტერკოსის ტბის მიმდებარედ შენდება, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტი იქნება და ის თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის სახელობის იქნება.
იმავდროულად თურქეთის მთავრობა 66 კმ-იანი მეტროს ხაზის გაყვანას გეგმავს, რითაც ქალაქი სტამბოლის ახალ აეროპორტს დაუკავშირდება. მეტროს ხაზი 13 გაჩერებას გააერთიანებს. მეტროს ხაზის მშენებლობის პირველი ეტაპი 2018 წელს დაიწყება, ხოლო მეორე - 2021 წელს. წინასწარი გათვლებით პროექტის ბიუჯეტი 4,85 მლრდ თურქული ლირაა.
მეტროს ახალი ხაზი მგზავრს საშუალებას მისცემს აეროპორტში 30 წუთში მოხვდეს.