საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2018 წლის 1 მარტიდან დევნილი ოჯახები, გრძელვადიანი განსახლების მოთხოვნის მიზნით, განაცხადებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში არსებულ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეავსებენ.
ამ ეტაპზე, განაცხადები მხოლოდ სამინისტროსა და მის რეგიონალურ სამმართველოებში (გორი, ქუთაისი, ზუგდიდი) მიიღება, რის გამოც დევნილებს ხშირად უწევთ ერთი რეგიონიდან მეორეში გადაადგილება და ხანგრძლივ რიგებში დგომა.
ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, დევნილები შეძლებენ ელექტრონულად შეამოწმონ, რა ეტაპზეა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მათი განაცხადების განხილვა. ერთიან ელექტრონულ ბაზაში აიტვირთება უკვე შევსებული 40 000-მდე განაცხადიც.
უწყებაში აცხადებენ, რომ ცვლილებების შედეგად, დევნილი ოჯახებისთვის განაცხადების შევსების პროცესი გამარტივდება, მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება და ადამიანური რესურსი დაიზოგება.