საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრმა იმერეთის რეგიონის მეფუტკრეობის სექტორში დასაქმებული მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ქუთაისში გამართა ტრენინგი თემაზე: „თანამედროვე მეფუტკრეობის შესაძლებლობები, რაციონალური მიდგომა და სტანდარტული პროდუქტის მიღების პრინციპები ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით“. ტრენინგი ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ტრენინგს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი, მკვლევარი - ირაკლი ჯანაშია უძღვებოდა.
ღონისძიება შეეხებოდა მეფუტკრეობასთან დაკავშირებულ ისეთ თემებს, როგორიცაა: მეფუტკრეობის პროდუქტები და მათი მთავარი ღირეებულებები, ბაზარზე არსებული მოთხოვნები და რეგულაციები, ფუტკრის ბიოლოგიის საკვანძო საკითხები; ფუტკრის ოჯახების პროდუქტიულობის გაზრდის გზები და სხვ.
„მოხარულნი ვართ, რომ მეწარმეთა დაინტერესება დიდია. ჩვენ ტრენინგის თემებს სწორედ მათი საჭიროებების მიხედვით განვსაზღვრავთ. ბოლო დღეების განმავლობაში ტრენინგები ჩვენმა ცენტრმა გამართა საქართველოს კიდევ ორ რეგიონში. ვფიქრობთ, რომ ეს მეწარმეებს დაეხმარება უფრო მეტად იყონ მზად ერვოკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად“ - განაცხადა DCFTA-საინფორმაციო ცენტრის პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ვეკუამ.
DCFTA საინფორმაციო ცენტრები სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბდა. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი ევროკავშირის ინიციატივა EU4Business-ის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.