„როგორც პრემიერმა აღნიშნა და მეც ვუერთდები მის გამონათვამს, კახი კალაძე გაიმარჯვებს აბსოლუტურად გამჭვირვალე და კონკურენტულ ბრძოლაში თბილისის მერის პოსტის დასაკავებლად. მე პირადად ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ კახი იქნება ძალიან კარგი მერი. ის კარგი ორგანიზატორია და ქალაქს ძალიან გამოადგება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც კახი კალაძე, როგორც მთავრობის წევრი, ბოლოჯერ მონაწილეობდა.
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე დაესწრო ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კახი კალაძის 5-წლიანი საქმიანობის ანგარიშს სახელწოდებით „ენერგეტიკული (რ)ევოლუცია“. კახი კალაძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ კანდიდატია თბილისის მერის პოსტზე, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში, ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტები და გატარებული რეფორმები შეაჯამა. ღონისძიებას დაესწრო პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აგრეთვე მთავრობის წევრები და ენერგეტიკული წრეების წარმომადგენლები.