საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინსტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ღირსების ორდენით დააჯილდოვოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის ის წევრები, რომლებიც ჩხოროწყში სიცოცხლის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
აბაშიშვილის თქმით, მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად, ჩხოროწყუში, ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში გადაარჩინეს ადამიანების სიცოცხლე,
“მათ აჩვენეს ძალიან მაღალი კვალიფიკაცია, სამოქალაქო გმირობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სამსახურებრივი პასუხისმგებლობა და შეასრულეს ურთულესი ოპერაცია და რაც მთავარია, გადაარჩინეს ადამიანების სიცოცხლე. ეკიპაჟის თითოეული წევრი არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე, საქართველოს მოქალაქეებისთვის მისაბაძი ადამიანები",-განაცხადა აბაშიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩხოროწყუს ოპერაციაში ჩართული ეკიპაჟის წევრების პრეზიდენტისთვის ჯილდოზე წარდგენის შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
პრემიერის განცხადებით, ეკიპაჟის მეთაურმა ბესიკ გაბიანმა და ეკიპაჟის წევრებმა - ბესიკ ბაკურიძემ, შალვა შალიბაშვილმა და დიმიტრი ქააძემ გმირული საქციელი ჩაიდინეს და ჩხოროწყუში, ადიდებულ მდინარეზე პრაქტიკულად დასვეს ვერტმფრენი, რის გამოც ისინი ჯილდოს იმსახურებენ.
„ეს კადრები ყველამ ვიხილეთ და მართლაც სიამაყის გრძნობა გეუფლება, როდესაც ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი, ასეთი მაღალპროფესიონალური ოპერაციით შესაძლებელი გახდა ორი სიცოცხლის გადარჩენა. ასევე გუშინ, შავი ზღვის აკვატორიაში 5 ბალამდე შტორმის დროს, მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად 20 ადამიანი გადაარჩინეს, აქედან ორი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე. ყველა დამეთანხმებით, რომ ეს თავდადება ძალიან დასაფასებელია და მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მათი სათანადოდ დაჯილდოება და წახალისება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის უაღრესად საპატიო საქმე და ძალიან საამაყოა, რომ გვყავს ასეთი მაღალპროფესიონალი მაშველები და მფრინავები, რომლებმაც გუშინ სასწაული შეძლეს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, შავი ზღვის სანაპიროსა და ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში მაშველებმა რამდენიმე ადამიანი გადაარჩინეს.