ENG / RUS       12+

ბანერი, როგორც ქართულ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმი

კარასინ-აბაშიძის მორიგი შეხვედრის წინ, სოფელ ორჭოსანთან, ახალი „სასაზღვრო ბანერი“ დაიდგა. ამჯერად მართლა იმდენად ახლოსაა ბაქო-თბილისი-ქუთაისი-ფოთის „სტრატეგიულ ავტომაგისტრალთან“,  ჩვეულებრივ ადამიანსაც იოლად შეუძლია მისი შემჩნევა ავტომაგისტრალზე მოძრაობისას.

ამ თემაზე შექმნილ ტელესიუჟეტთა უმრავლესობაში გაიჟღერა, -  თურმე „ოკუპანტები იმდენად მიუახლოვდნენ მაგისტრალს, ავტომატური ცეცხლის სიშორეზე არიან უკვე“.

ქართველ ტელეჟურნალისტთა დიდი ნაწილის „კომპეტენტურობა“ ცნობილია, მაგრამ ვინმეს ხომ შეიძლება ჰკითხონ, რათა ასეთი სისულელე არ დასცდეთ? რა „400 მეტრი“? ავტომატ „კალაშნიკოვის“ (АК-74) დამიზნებითი სროლის სიშორეა 1000 მეტრი ანუ კილომეტრი; „კალაშნიკოვის“ ტყვიამფრქვევისა (ПК) - 1500 მეტრი; ხოლო მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი КОРД - ორ  კილომეტრამდე ისვრის დამიზნებით. აქ „დამიზნებით სროლაზეა“ საუბარი, თორემ ტყვია კიდევ უფრო შორს მიდის სამივე სახეობიდან. აღარაფერს ვამბობ არტილერიასა და „ზალპური ცეცხლის“ დანადგარებზე.

ანუ, „400 მეტრამდე მოსვლა“ ოს სეპარატისტებსა და რუს ოკუპანტებს სულაც არ სჭირდებოდათ „სტრატეგიულ ავტომაგისტრალთან“ საცეცხლე მანძილზე მისაახლოებლად. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გავიგოთ: ცხინვალი და მისი შემოგარენი, რომელსაც ოკუპანტები აკონტროლებენ, საქართველოს გეოგრაფიული ცენტრია! დავხედოთ რუქას და ამაში იოლად დავრწმუნდებით. ხოლო ნებისმიერი „ბორდერიზაცია“ და „ბანერული აქტივობა“ არა „საცეცხლე მანძილის შემცირებას“ ისახავს მიზნად, არამედ პოლიტიკური გათვლით ხორციელდება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  

პირველ რიგში, რუსებსა და, განსაკუთრებით, ოს სეპარატისტებს ძალიან სჭირდებათ და „გულს უთბობთ“, როცა ყველა ქართველი, ვინც ამ გზაზე გაივლის, მუდამ ხედავდეს ამ ბანერებს. ამას ქართულ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფუნქცია აქვს. ცხინვალში უკვე განიხილავენ პროექტს, - მიმდებარე მთაზე უზარმაზარი წარწერის შექმნისა „Республика Южная Осетия“, რათა ეს წარწერა ხსენებული ავტომაგისტრალის ნებისმიერი წერტილიდან ჩანდეს იგოეთი-ხაშურის მონაკვეთზე. ისევე, როგორც ჩრდილო კვიპროსის თურქმა სეპარატისტებმა და თურქულმა არმიამ გააკეთეს მთაზე უზარმაზარი წარწერა „ჩრდილო კვიპროსის არმია“, რომელიც ლამის მთელი სამხრეთ კვიპროსის ტერიტორიიდან სჩნს და როცა ევროპელებმა ჰკითხეს ჩრდილო კვიპროსის სეპარატისტულ მთავრობას, ამას რატომ აკეთებთო, ასე უპასუხეს: „გვინდა, ბერძნები ამ წარწერას ყოველ დღე ხედავდნენ და გულზე სკდებოდნენო“.

როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში იგივე გველის ჩვენც, ხოლო მოწოდება „ტრასიდან მარჯვნივ არ გაიხედო“ ან „მარცხნივ არ გაიხედო“ დიდი შეღავათი და გამოსავალი ნამდვილად არ იქნება

მეორე მიზანი საერთაშორისოა: მოსკოვს ძალიან ეხმარება ამგვარი მოვლენების შემდეგ ქართულ მედიაში ატეხილი სრულიად გასაგები და გარდაუვალი რეაქცია დასავლეთისთვის იმის საჩვენებლად, თუ როგორ ქვეყანასთან აწარმოებს იგი მოლაპარაკებას ინტეგრაციის, NATO-სთან დაახლოების ან MAP-ის თაობაზე: სახელმწიფოსთან, რომელიც არათუ საკუთარ საზღვრებს ვერ აკონტროლებს, არამედ ვერ აკონტროლებს საკუთარ გეოგრაფიულ ცენტრს! ხოლო მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომუნიკაციის გადაჭრა „კალაშნიკოვის“ ერთი ჯერის საქმეა. ამისთვის არტილერიის გამოყენებაც კი არ იქნება საჭირო, - სატანკო კოლონების გადაადგილებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

თან იმ ვითარებაში (რაც ძალიან არსებითია) როცა ეს აქციები მუდამ შეიძლება „გადაელოცოს“ არა რუსულ კონტინგენტს, არამედ ოს სეპარატისტთა ფორმირებებს, ხოლო ევროპელ დამკვირვებელთა თუ პოლიტიკოსთა ყველა პრეტენზიას რუსეთი იოლად უპასუხებს აი ასეთი არგუმენტით: „ქართველები და ოსები თანასწორუფლებიან მოლაპარაკებას აწარმოებენ ჟენევაში, სადაც მათ წარმომადგენლებს თანაბარი სტატუსი აქვთ, ასევე მიმდინარეობს მუდმივი ქართულ-ოსური დიალოგი ერგნეთში . . . . . . .  ჰოდა ეს შეიარაღებული ინციდენტები ამ ფორმატებში განვიხილოთ მხარეთა მონაწილეობით - აბა ჩვენ რა შუაში ვართო“. სწოერდ ამისთვის სჭირდებოდა მოსკოვს „ერგნეთიც“ და „ჟენევაც“.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

რაოდენ დემაგოგიურიც არ უნდა იყოს ეს არგუმენტი, იგი „სათქმელად“ ჩაითვლება. მივაქციოთ ყურადღება ევროკავშირის სადამკვირვებო მისიის „წყალწყალა“ და „დედალმაშო“ რეაქციას „ბანერულ“ და „მავთულხლართულ“ ინციდენტებზე: ჩვენი ხელისუფლება გვიმალავს, თორემ დახურულ კარს მიღმა ყველა კონსულტაციისას ევროპელები მათ მხრების აჩეჩვით „ატყობინებენ“: „ოს და რუს კოლეგებთან კონსულტაციები გვქონდა, ისინი აცხადებენ, რომ ბანერები და მავთულხლართი ყოფილი „სამხრეთ ოსეთის საზღვრებს“ არ სცდება და აბა საბჭოთა პერიდოში თუ იქ გადიოდა საზღვარი ჩვენი რა ბრალიაო“.

მანდატით, რომელსაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ 2008 წელს მოაწერა ხელი, ევროპის სადამკვირვებო მისიის მოვალეობაა მხოლოდ და მხოლოდ „საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე“ სადამკვირვებო საქმიანობა. ანუ ეს მანდატი თავისთავად გულისხმობს ე.წ.  „საზღვრის“ პოლიტიკურად (!) აღიარებას. ამიტომ, გაუგებარია, რას მოვითხოვთ ამ მისიისგან. იგი თავის მანდატს ვერ გასცდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რატომ ემთხვევა ეს „ბანერიზაცია“ კარასინ-აბაშიძის შეხვედრებს. არადა, მართლაც მეტისმეტად ხშირად ემთხვევა. ჩვენში გავრცელებულია აზრი, რომ ამით მოსკოვი მუდამ გვახსენებს ჩვენს მდგომარეობას და ცდილობს საკუთარი დღის წესრიგით წარმართოს პრაღის  მოლაპარაკება. არადა, ეს შეხედულება თუ ვერსია ჩვეული გამარტივებაა: მუდამ ვივიწყებთ მნიშვნელოვან გარემოებას: გარდა იმ „დიდი თამაშისა“, რასაც მოსკოვი აწარმოებს ამ რეგიონში, ოს ირიდენტისტებს  თავისი „პატარა თამაშიც“ და საკუთარი „დღის წესრიგი“ აქვთ. ანუ.  გარკვეულ ჩარჩოებში (რასაკვირველია მხოლოდ მათთვის დაწესებულ „ფარგლებში“ მათაც შეუძლიათ ჩვეული პროვოკაციების მოწყობა, რათა კარასინ-აბაშიძის ფორმატის ორივე მონაწილეს შეახსენონ: „სამხრეთ ოსეთის“ ინტერესთა სრული იგნორირება არ გამოვა და კარასინ-აბაშიძემ რა შეთანხმებასაც არ უნდა მიაღწიონ, სანამ ცხინვალის ვიზა არ ექნება, ვერ განხორციელდება.

და თუ რუსეთი ამას დაივიწყებს, ოსებს მუდამ აქვთ საშუალება ატეხონ ისტერია  რუსულ მედიასივრცეში. ეს სულაც არ ნიშანვს, თითქოს არსებობს რაიმე, თუნდაც თეორიული შანსი რუსულ-ქართული კომპრომისისა  მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ ცხინვალში, ისევე, როგორც სოხუმში, ამ ალბათობას მუდამ „ნევროზულად“ ითვალისწინებენ. ასეთია მათი ტრადიცია ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

„რა უნდა ვქნათ“ ამ ვითარებაში? ვერაფერს ვერ ვიზამთ გარდა ერთისა: მუდამ ვაპროტესტოდ ამგვარი ქმედება და პასუხისმგებლობა ყოველთვის დავაკისროთ არა სეპარატისტებს, არამედ სწორედ მათ უკან მდგომ საოკუპაციო ძალას.

„ასეთ პროტესტებს რა აზრი აქვს?“ აქვს აზრი: მაშინ როდესაც მოსკოვი ერთდროულად რამდენიმე ომს აწარმოებს;  ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს აგრესიას და თითქმის ყველა მეზობელთან დეკლარირებული ან არადეკლარირებული, მიმდინარე ან პოტენციური პრობლემები აქვს, ამგვარ „პროტესტთა“ ერთობლიობა უეჭველად ქმნის საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგს და საქართველოსაც აქცევს ამ „კონტექსტში“...... იმედი ვიქონიოთ, ადრე თუ გვიან ეს „კონტექსტი“ აიძულებს დასავლეთს აღიაროს ეგზისტენციური პრობლემა და საქართველოც ამ პრობლემის ერთ განუყოფელ ნაწილად განიხილოს - უკრაინასთან და ბალტიისპირეთთან ერთად.

ამიტომ ის აქციები, მაგალითად, რაც ამგვარ ბანერებთან ქართველმა ჟურნალისტებმა მოაწყვეს შარშან, - ნამდვილად დიდი პატრიოტული საქმე იყო.

ალტერანტივა კი მხოლოდ კაპიტულაციაა, ანუ „სამხრეთ ოსეთთან“ მოლაპარაკებები საზღვრის დემარკაციის თაობაზე; ყოფილ ავტონომიასთან „სახელმწიფოთაშორისი“ ურთიერთობების დამყარება  თუნდაც ფორმალური აღიარების გარეშე; „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრება, სოხუმი-თბილისი-ერევნის რკინიგზის გახსნა, ვლადიკავკაზ-ცხინვა(ლ)-გორის ავტომაგისტრალის ამოქმედება.......ესე იგი ქვეყნის განვითარების ძირითადი ვექტორის ჩრდილოეთისკენ შეტრიალება.

ოღონდ ეს შეტრიალება სულაც არ ნიშნავს, რომ თბილისი-გორის ავტომაგისტრალზე ზაფხულობით მოგზაურობისას, იმ ბანერს ვეღარ დავინახავთ.

ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .