კომპანია „ყაზახ ინვესტის“ ხელმძღვანელი მეირჟან მაიკენოვი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელთან და ასტანაში სხვადასხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად თამარის დასახლებაში მდებარე „აჭარა ტექსტილის“ საწარმოს ეწვიენ. სტუმრები საწარმოს მუშაობას გაეცნენ. ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის საუბარი სამომავლო თანამშრომლობას შეეხო.
„ყაზახ ინვესტის“ წარმომადგენლები ბათუმს ბიზნეს ფორუმის „Invest in Batumi”ფარგლებში ეწვიენ. კომპანია აჭარის საინვესტიციო პოტენციალით არის დაინტერესებული. სტუმრებმა ოფიციალური შეხვედრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან უკვე გამართეს.
კომპანია „ყაზახ ინვესტი“ ყაზახეთის ბაზარზე სამშენებლო სფეროში 50%-ით არის წარმოდგენილი. ფორუმის ფარგლებში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ყაზახურ საინვესტიციო სააგენტო „ყაზახ ინვესტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი, ხელს შეუწყობს ქართველ მეწარმეებს შეუფერხებლად გაიტანონ თავიანთი პროდუქტი ყაზახურ ბაზრებზე.
შპს „აჭარა ტექსტილი“ ტექსტილის პროდუქციას აწარმოებს. კომპანია 9 წელია ფუნქციონირებს და განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 20 მლნ დოლარს შეადგენს. ამ ეტაპზე ქარხანაში 2500 ადამიანია დასაქმებული.