აჭარაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მთავრობა რამდენიმე პროექტს ამუშავებს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე აცხადებს, უკვე გამოცხადებული აუქციონებიდან აჭარაში დაახლოებით 100 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებაა მოსალოდნელი.
„აჭარის საინვესტიციო რესურსის მაქსიმალურად ათვისების მიზნით, სამინისტრო აქტიურად ამუშავებს კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებებსა და პროექტებს, რომელთა შორის გონიოს პოლიგონი, გმირთა ხეივანი, ქობულეთის ტურისტული ზონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გმირთა ხეივანში 3 მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით ელექტრონული აუქციონი უკვე გამოცხადებულია, საიდანაც ჩვენ დამატებით დაახლოებით 100 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას ველოდებით“-განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.
რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, 2016 წელს აჭარაში 428 მლნ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 71% უცხოური ინვესტიციაა.
„ცენტრალური და რეგიონული მთავრობა აქტიურ საინვესტიციო პოლიტიკას აწარმოებს. ჩვენ ვცდილობთ ეფექტურად გამოვიყენოთ ის საკმაოდ დიდი საინვესტიციო რესურსი, რაც ზოგადად ქვეყანას და აჭარას აქვს.
რეგიონის ხელსაყრელი მდებარეობა, ქვეყანაში შექმნილი ჯანსაღი საინვესტიციო გარემო და არსებული პოტენციალი კერძო ინვესტიციების ყოველწლიურად მზარდ ტენდენციას განაპირობებს. საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შემდეგ აჭარის რეგიონი რიგით მეორეა კერძო სექტორის მიერ განოხრციელებული ინვესტიციების მოცულობით.
2016 წელს აჭარაში 428 მლნ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 71% უცხოური ინვესტიციაა. 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კერძო ინვესტიციები 17%-ით არის გაზრდილი. ინვესტირების კუთხით წამყვანი ენერგეტიკის (45%), ტურიზმის (32%) და მშენებლობის (21%) სექტორებია.
ბიზნეს სექტორის მაჩვენებლების მიხედვით დასაქმებულთა რაოდენობა, მიმდინარე წლის ბოლო მონაცემებით, 7,9% ით გაიზარდა, ბიზნესის ეკონომიკური აქტივობა და ბრუნვის მაჩვენებელი 12,9%-ით, ხოლო გამოშვებული პროდუქცია 11,1% ით“, აღნიშნა მინისტრმა.