აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 41,4%-იანი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 35,1%-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის იანვარ-ივნისის გეგმა 95 მლნ 449 ათას 100 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 134 მლნ 955 ათას 200 ლარი, ანუ გეგმა 141,4%-ით შესრულდა.
სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი, 6 თვის მონაცემებით, 141,7 %-ით შესრულდა, სხვა შემოსავლების მუხლი 177,2%-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 103,3%-ით.
რაც შეეხება იანვარ-ივნისის ნაერთი ბიუჯეტის გეგმას, ის 155 მლნ 418 ათას 300 ლარი იყო, თუმცა გეგმა 35,1%-ით გადაჭარბდა და შესრულებამ 209 მლნ 968 ათას 800 ლარი შეადგინა. საბიუჯეტო მონაცემები ცხადყოფს, რომ აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 38,8%-იანი გადაჭარბებით, სხვა შემოსავლების მუხლი 45,2%-იანი გადაჭარბებით შესრულდა, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი კი მხოლოდ 97,1%-ით.
რაც შეეხება თვითმართველ და მუციპალურ ბიუჯეტებს მათი შესრულების მონაცემები ასე გამოიყურება: ბათუმი - 108,2%-ი, ქობულეთი - 113,7%-ი, ხელვაჩაური - 211,2%-ი, ქედა - 178,8%-ი, შუახევი - 269,4%-ი და ხულო - 413,4%-ი.