საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას უმასპინძლა. კონკურსის შედეგად, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან ENIGMMA თანამშრომლობით გაიმართა, 6 სხვადასხვა ნომინაციაში დიასპორის 13 წარმომადგენელი დაჯილდოვდა.
„ჩვენი დიასპორის ბევრმა წარმომადგენელმა ადგილმდებარეობის ქვეყნებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია პროფესიული და კარიერული თვალსაზრისით. მათ თავიანთი ნიჭითა და ინტელექტით მოიპოვეს სახელი და ავტორიტეტი იმ ქვეყნების საზოგადოებაში, სადაც ისინი მოღვაწეობენ ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის, კულტურისა თუ სხვა სფეროში. საქართველოს ჰყავს დიასპორა, რაც იძლევა მათი უზარმაზარი პოტენციალის სამშობლოს სასიკეთოდ გამოყენების საშუალებას. ქვეყნიდან გასული ინტელექტის შესაძლებლობების გათვალისწინება ჩვენი ქვეყნის განვითარების უაღრესად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს და სახელმწიფომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს დიასპორის ამ პოტენციალის გამოსაყენებლად"- განაცხადა - განაცხადა
მისივე განცხადებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მას შემდეგ რაც დიასპორასთან ურთიერთობის საკითხები გადაიბარა, გადადგა მრავალი ნაბიჯი დიასპორასთან კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად. შემუშავდა პროგრამა „ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა", რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება და მიზნად ისახავს საქართველოს დიასპორის გაძლიერებას, მათი მჭიდრო კავშირს სამშობლოსთან და მათი ღვაწლის სათანადოდ დაფასებას.
დიასპორის დაჯილდოება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან ერთად მიმდინარე პროექტის - „საქართველოს მაღალპროფილური დიასპორის ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში" დასკვნითი ნაწილია.
პროგრამის ფარგლებში მაღალპროფილური დიასპორის ნომინირების საშუალება თავად დიასპორის წარმომადგენლებს მიეცათ. სარეგისტრაციო ფორმა დაეგზავნა ყველა დიასპორულ ორგანიზაციას და ასევე განთავსდა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებსა და სოციალური ქსელების პლატფორმებზე. პირველადი შერჩევის შედეგად წარმოდგენილი იქნა 150-ზე მეტი კანდიდატი, საიდანაც უწყებათაშორისი სპეციალური კომისიის მიერ 6 ნომინაციაში შეირჩა 13 ნომინანტი. ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდო გადაეცათ ბრიტანეთში მოღვაწე მომღერალს ქეთი მელუას, ესპანეთში მოღვაწე მხატვარს ლიკა შხვაცაბაიას, უკრაინაში მოღვაწე ქართული ხალხური ცეკვის შემსრულებელს მაკა ლომაძეს. მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდოები გადაეცათ პოლონეთში მოღვაწე ისტორიკოსს დავით ყოლბაიას, აშშ-ში მოღვაწე მედიცინის დოქტორს სოფო ადამიას, შვედეთში მოღვაწე მეცნიერს მერაბ კოკაიას და ავსტრიაში მოღვაწე ქირურგს იოსებ ნანობაშვილს. დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში გამოვლიდნენ სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტი მიხეილ სარჯველაძე, სპორტში შეტანილი წვლილისათვის ჯილდო გადაეცა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანს და NBA-ს ჩემპიონს ზაზა ფაჩულიას. გამოვლინდნენ გამარჯვებულები ნომინაციაში საქართველოს უცხოელი მეგობრები - ავსტრიელი მეწარმე ლეონიდ ბაუსბეკი, ბერძენი ჟურნალისტი თეოდორა ავგერი და შვეიცარიელი მუსიკოსი თომას ჰოიზერმანი.
პროგრამა და მისი დასკვნითი ღონისძიება საპილოტე რეჟიმში განხორციელდა. სამომავლოდ პროგრამა რეგულარულ ხასიათს შეიძენს.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს და გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ და სხვებმა. ცერემონიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეულის სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანუშ ჰერმანმა, მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ვიოლეტა ვაგნერმა.