დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების საკითხზე სპეციალური შტაბი იმსჯელებს. როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, შეიქმნება დაზარალებულების საინიციატივო ჯგუფი, რომლებიც კოორდინაციაში იქნებიან ქალაქის მთავრობის წარმომადგენლებთან.
რაც შეეხება დაზარალებულთა დახმარებას, გამგებელი ამბობს, რომ ასეთი რესურსი გამგეობას არ გააჩნია. ზავრადაშვილის განმარტებით, მოვაჭრეები, რომლებიც დიდუბის რაიონში არიან რეგისტრირებულები, მათთვის დახმარების საკითხი მსჯელობის საგანი იქნება. ზავრადაშვილის თქმით, გამგეობა შეეცდება დაზარალებულებს საგადასახადო უწყებებთან ან ბანკებთან უშუამდგომლოს.
დიდუბის გამგებელი 11:00 საათზე დაზარალებულებს შეხვდება. შეხვედრა დამწვარი ტერიტორიის მიმდებარედ იგეგმება.
თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ ავტონაწილების მაღაზიაში ხანძარი 2 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა. ხანძარი დაახლოებით 2500 კვ.მ-ზე გავრცელდა და მის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 24 სამაშველო მანქანა და 250 მაშველი-მეხანძრე. ხანძარი ლოკალიზებულია. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს შსს-ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველო იძიებს.