საქართველო-რუსეთს შორის ავიარეისების ზრდის ფონზე, საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების პილოტებისა და ეკიპაჟის წევრებისთვის რუსეთის მხრიდან გამარტივებული სავიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, კონსულტაციები დაიწყო.
ამ მხრივ რუსული ავიაკომპანიის ეკიპაჟს საქართველოში შემოსვლისთვის პრობლემები არ ექმნებოდა, რადგანაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზო გადაადგილების რეჟიმით სარგებლობენ.
ამასთანავე, პრობლემები ექმნებათ ქართულ ავიაგადამზიდავებს. დღეისათვის საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ფრენებს ავიაკომოპანია Georgian Airways-ი (“აირზენა“) ახორციელებს, რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსეთის ბაზარზე მუშაობისთვის მათ გარკვეული დაბრკოლებების გადალახვა უწევთ.
,,ჯი-ეჩ-ენთან“ საუბარში, თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ სწორედ Georgian Airways-მა დააყენა საქართველოს მთავრობის წინაშე მოთხოვნა, რომ ავიაკომპანიის პრობლემა მოგვარებულიყო, რადგანაც კომპანიას გარკვეული დროის და ფინანსების ხარჯვა უწევს, რათა მათი პილოტებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილების ნებართვა მოიპოვოს.
„საკმაოდ ძნელია - პილოტებისათვის ვიზის მოსაპოვებლად გარდა დროისა, გვიწევს თანხების ხარჯვაც. ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ავიაკომპანიის თანამშრომელები საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილდებიან. ეს ჩვენთვის ერთგვარი ბარიერიცაა“, - აცხადებს Georgian Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი.
Georgian Airways-ის ხელმძღვანელისთვის ამ დროისთვის ცნობილი არ არის, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თუ რა სქემით მოხდება ავიაკომპანიის პილოტებისა და ეკიპაჟის წევრების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაშვება.
რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, უწყებაში აცხადებენ, რომ საკითხზე მხარეებს შორის მუშაობა უკვე დაწყებულია.
„რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ავია-კომპანიების პილოტები და ეკიპაჟის სხვა წევრები, სარგებლობენ საქართველოსთან უვიზო რეჟიმით და შესაბამისად ვიზის მოთხოვნისგან თავისუფლად კვეთენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს. გამომდინარე იქიდან, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის აეროპორტებს შორის ავია-რეისების შესრულების ინტენსიურობა გაიზარდა, მიმდინარეობს კონსულტაციები რუსეთის მხარესთან საქართველოში რეგისტრირებული ავია-კომპანიების პილოტებისა და ეკიპაჟის სხვა წევრებისთვის რუსეთის ფედერაციის მხრიდან გამარტივებული სავიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ სამინისტროში.