ENG / RUS       12+

მესამე მსოფლიო ომის წინათგრძნობა

არის ასეთი შესანიშნავი არხი Viasat History. ამას წინათ,  არხზე უჩვენეს BBC შექმნილი ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი „37 days“, რომელიც მოგვითხრობს პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდზე. BBC-ს დოკუმენტალისტიკის სტილშია: პირუთვნელად აღწერს გლობალური ომის „თრიგერებს“.

გამაოგნებელია, რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს პიროვნულმა ურთიერთობებმა და, ზოგადად, პიროვნულმა ფაქტორმა: გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ მეორეს სალდაფონობამ, პრუსიელი გენერლის, მოლტკეს ავანტიურიზმმა, საფრანგეთის პრეზიდენტ პუანკარეს მოუქნელობამ, სერბი სტუდენტის, გავრილო პრინციპის ნაციონალისტურმა ფანატიზმმა, რუს იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს ველიკოდერჟავულმა სიჩლუნგემ, ავსტრიელი მონარქის, ფრანც იოსებ პირველის ბებრულმა მარაზმმა.......  ამ ფილმს რომ ნახავს ადამიანი, რწმუნდება, რამდენად მტკნარი სისულელეა ჩვენთვის ბავშვობიდან „ჩაჭედილი“ დოგმა, რომ „დიადი ომის“ (The Great war) თავიდან აცილება ვერ მოხერხდებოდა,თურმე,იმიტომ,რომ....კლასები....იმპერიალიზმი....კაპიტალიზმი....კოლონიები....რესურსები...და ა.შ.

სინამდვილეში, აქ მთავარი არც მხოლოდ „შემთხვევითობაა“ (ავსტრიის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდის მძღოლს უადგილო ადგილას რომ არ შეეხვია შეცდომით სხვა ქუჩაზე სარაევოში....) და არც ამ „შემთხვევითობის“ ყბადაღებული „მიმართება“ კანონზომიერებასთან: და არც კიდევ უფრო ყბადაღებული „პიროვნული ფაქტორი“ იმავე ე.წ. „ისტორიულ ძალებთან“ კორელაციაში..........არამედ ერთი სისტემური, პიროვნული და სხვა კომპონენტებისგან  დიდწილად აბსტრაგირებული, „ისტორიული ძალებისგან“ და მსგავსი ფაქტორებისგან თავისუფალი ფენომენი, რასაც ეწოდება „კონფრონტაციული ლოგიკა“ ან „კონფრონტაციის ლოგიკა“.

ეს თავისთავადი ფენომენია და საკუთარი, შინაგანი, სუბსტანციური კანონებით თუ კანონზომიერებებით ვითარდება. ამიტომ, როდესაც ერთიანი დიდი ევროპის მამა დამფუძნებლები - შუმანი, ადენაუერი, დე გოლი, შემდგომში მიტერანი და კოლი - ახალ სისტემას ქმნიდნენ, ისინი პირველ რიგში სწორედ ძველი სისტემის იმ თვისებას აბათილებდნენ ამით, რომელმაც კაცობრიობა პირველ მსოფლიო ომამდე მიიყვანა. მეორე მსოფლიო ომი კი მისი გაგრძელება იყო მხოლოდ. ამაზე სერიოზული ისტორიკოსები საერთოდ აღარ დავობენ.

და რაც ყველაზე გასათვალისწინებელია: პირველ მსოფლიო ომამდე ორიოდე თვით (!) ადრე ვერავის ევროპაში ვერ დაარწმუნებდი, რომ ომის კარს იყო მომდგარი და ეს ომი საერთოდ არავის სურდა: დასავლეთი ტკბებოდა მშვიდობით და იმკიდა ახლადგანვითარებული სამეცნიერო-ტექოლოგიური რევოლუციის პირველ შედეგებს: ტელეფონი, ელექტროობა, რადიო და ა.შ. მშვიდი ცხოვრება უნდოდა ყველას...... აბსოლუტურად ყველას.......

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სწორედ ამ ისტორიული გაკვეთილის გათვალისწინებით, თუ დღეს მსოფლიოში განვითარებულ პროცესებს დავაკვირდებით, აუცილებლად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ შექმნილი ვითარება  სისტემურად ძალიან ჰგავს 1914 წლის პირველი ნახევრის სურათს. იმ განსხვავებით, რომ სახელმწიფოთა „ბლოკები“ არ არის, ანუ აღარც „ანტანტაა“ და აღარც „ღერძის კავშირი“, ანუ რუსეთი მარტოა, - ევროპაში, მოკავშირე ფაქტიურად არ ჰყავს, თვით ბელორუსიც კი ვერ ჩაითვლება ნამდვილ მოკავშირედ. სომხეთზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მაგრამ არსებითი ეს არ არის. არსებითი ისაა, რომ რუსეთი ამჟამად ზუსტად ისე იქცევა  და ისე „პოზიციონირებს“ საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც პრუსია (მერე კაიზერის გერმანია) XIX საუკუნის ბოლოს და XX დასაწყისში!

მხოლოდ ერთი, თუმცა ნიშანდობლივი მაგალითი: რუსულმა  რესურსმა politcom.ru გამოაქვეყნა სენსაციური ცნობა  ამერიკის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე. როგორც ირკვევა, ამერიკული მხარე მოსკოვისგან მოითხოვს......რუსეთმა შეწყვიტოს ავღანური ტერორისტულ-ფანატიკური დაჯგუფება „თალიბანისთვის“ იარაღის მიწოდება!!!

ასეთი მოთხოვნა სერიოზული მტკიცებულებების გარეშე გამორიცხულია. ესე იგი ვაშინგტონს ნამდვილად აქვს ცნობები, რომ მოსკოვი იარაღით ამარაგებს ამერიკის, დასავლეთის და მთელი ცივილიზებული სამყაროს მოსისხლე მტერს, რომელსაც იმავე ავღანეთში ამერიკისა და NATO-ს არმია უპირისპირდება. ამარაგებს იმ მიზნით, რათა რაც შეიძლება მეტი ამერიკელი, ინგლისელი (და ქართველიც!) დაიღუპოს იმ ქვეყანაში.

კაცმა რომ თქვას, თავისთავად, მოსკოვის მხრიდან  „თალიბანის“ ფარულ სამხედრო მხარდაჭერაში ახალი არაფერია - საერთაშორისო მედია დიდი ხანია წერს ამაზე:  ჯერ კიდევ 1996 წლიდან, როცა მოსკოვი ცდილობდა შუა აზიის სეკულარისტული ელიტები დაეშინებინა ისლამისტი ფანატიკოსებით და მიაღწია კიდეც ОДК, ანუ პოსტსაბჭოურ სივრცეზე საკუთარი სამხედრო ალიანსის შექმნას. ახლა მეორე მოტივიც დაემატა - ამერიკის წინააღმდეგ.

შემდეგ: სიტუაცია სირიაში, სადაც ვითარება დღითი-დღე იძაბება: რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა ავიაგამანადგურებელმა ჩამოაგდო  სირიის სამთავრობო ძალთა ბომბდამშენი, ანუ ამერიკელებმა, ფაქტიურად, უკვე გამოაცხადეს ნაწილობრივ „არასაფრენი ზონა“ სირიის ცაში და რუსულ ავიაციასთან შეტაკების საფრთხეც განუზომლად გაიზარდა.

ოთხშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობამ განაცხადა, რომ თუ სირიის დიქტატორი ბაშარ ალ ასადი კვლავ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ამერიკა მასირებულად „დაარტყავს“ თავისი ავიაციით.

ეს რომ ლიტონი სიტყვები არაა, ხოლო დონალდ ტრამპი ნამდვილად არ არის ბარაქ ჰუსეინ ობამა (საკუთარი თემის დაზიანების რომ ეშინოდა) უკვე დადასტურდა: ხუთშაბათს დილით, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსთან განლაგდა  აშშ უახლესი ავიამზიდი „ჯორჯ ბუში“, რომელსაც თან ახლავს „Tomahawk“-ებით აღჭურვილი რამდენიმე სარაკეტო ხომალდი.

უკრაინა: ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო  პეტრე პოროშენკო და მას ყოველმხრივ დახმარებას დაჰპირდა. საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა იმანუილ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია უნდა აილაგმოს; ამერიკის კონგრესი მუშაობს ახალ, ამჯერად ძალიან მტკივნეულ სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ;

ამასობაში რუსული სამხედრო დაზვერვა დივერსიებს ახორციელებს უკვე კიევის ტერიტორიაზე. ვითარება დონბასზეც იძაბება. სამშაბათს მორიგი რუსი ოფიცერი ჩავარდა ტყვედ, რითაც დასტურდება, რომ საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ოფიციალური ქვედანაყოფები მონაწილეობენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა სხვა (თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი) მიმართულებები ვნახოთ: აშკარაა, რომ მოსკოვი აქტიურად ერეოდა ამერიკულ არჩევნებში; ტრამპი უეჭველად იძულებული იქნება მხარი დაუჭიროს ანტიმოსკოვურ სანქციებს რაც კონფრონტაციას ახალ რეგისტრში აიყვანს; დასავლურ მედიაში ასეთი ანტიპუტინური განწყობა, როგორიც დღესაა, არასდროს ყოფილა.

ამასობაში, FIFA       სწავლობს მონაცემებს რუსი ფეხბურთელების „დადოპინგების“ შესახებ და ინგლისი მოითხოვს ჩამოართვან რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მომავალ წელს. აქამდე საქმე ალბათ ჯერ არ მივა, მაგრამ თუ სხვა მიმართულებებით „იფეთქა“, არც ესაა გამორიცხული.

 თითქმის გადაწყვეტილია, რომ რუსეთს აუკრძალავენ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას, რადგან იმაზე „არრეაგირება“, რაც სოჭში მოხდა, როცა რუსული სპეცსამსახურები პირდაპირ, ლამის დაუფარავად აყალბებდნენ და ცვლიდნენ დოპინგ-მონაცემებს, დაანგრევს საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობას. ამიტომ, თვით ისეთი „პრორუსიც“ კი, როგორიც გერმანელი თომას ბახია (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე) იძულებული ხდება მკაფიო განცხადებები გააკეთოს.

და ნურავის ეგონება ეს ყოველივე (ფეხბურთი, ოლიმპიადა) „წვრილმანი“ იმ სიტუაციაში, როდესაც ოლიმპიური მოძრაობიდან „გარიცხვა“ ან რუსული ნაკრების „დაბანვა“ რუსეთში ეროვნულ შეურაცხყოფად იქნება აღქმული.

პუტინი აუცილებლად „უპასუხებს“ იქ, სადაც შეუძლია „კომპენსირება“ და რენომეს აღდგენა: უკრაინაში!!!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მთლიანობაში, ის, როგორც ვითარდება პროცესები, ძალიან ჰგავს პირველი მსოფლიო ომის „წინა“ კონფრონტაციულ ლოგიკას. ზემოთჩამოთვლილ წინააღმდეგობათა მეათედიც კი, საკმარისი იქნებოდა, ძველ ეპოქებში, დიდი ომის გასაჩაღებლად.

ამჟამად ეს ჯერ არ ხდება ორი მიზეზით: პირველი მიზეზი იმ საზარელი ომის გაკვეთილია, რაც 1945 წელს დასრულდა (მხედველობაში მაქვს 1914-1945 წლების 31 წლიანი  ომი), და მეორე, რაც მთავარია - ბირთვული იარაღი.

მაგრამ „კონფრონტაციული თანამიმდევრობის“ სისტემური თვისება სწორედ ისაა, რომ თუ განვითარდა, თუ ზვავივით „აკრიფა“ ძალა და ინერცია, , თუ „თავისთავადობა“ და „უმართავობა“ შეიძინა, მაშინ ერთი ინციდენტითაც კი (სირიაში მაგალითად) ან ისეთი თითქოსდა წვრილმანით, როგორიც იყო „სატელეფონო გაუგებრობა“ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერ ედვარდ გრეისა და ლონდონში გერმანიის ელჩ ფონ ლიხნოვსკის შორის, „კონფრონტაციული თანამიმდევრობის ზვავი“ გაარღვევს ყოველგვარ ჯებირს და თვით ბირთვული საფრთხის წითელ ხაზსაც კი გადალახავს რადგან, ისევ და ისევ, კონფრონტაციას, დაპირისპირებას, საკუთარი „ლოგიკა“ და შეუქცევადობა აქვს, როცა ამუშავდება პრინციპი: „იმან დაიხიოს უკან, რატომ მე?!“

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი „ფეთქებადსაშიში“ ვითარება, რაც დღესაა ევროპასა და მთელს მსოფლიოში, 1983 წლიდან არ ყოფილა.

ნიკა იმნაიშვილი 

ავტორი: . .