შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების დაჩქარების, მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საჭიროებათა გათვალისწინების მოთხოვნით 24 ივნისს რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან.
ორგანიზატორთა თქმით, ქართულ საზოგადოებასა და სახელმწიფოში შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული საქველმოქმედო მიდგომები და ცრუ წარმოდგენები უნდა შეიცვალოს გააზრებული, თანამედროვე სოციალური ცნობიერებითა და მიდგომებით.
“24 ივნისს 13:00 საათზე შევიკრიბებით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც 14:00 საათზე მოვაწყობთ მსვლელობას საქართველოს პარლამენტამდე. ჩვენ ვექვემდებარებით ყოველდღიური დისკრიმინაციისა და ჩაგვრის სხვადასხვა ფორმებს, რაც რეალურად სახელმწიფოს უმოქმედობითაა გამოწვეული. ჩვენ დღემდე ვრჩებით საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე უჩინარ ჯგუფად, მაგრამ ჩვენ არ გვსურს ვიყოთ სახელმწიფოს უმოქმედობის აღურიცხავი პატიმრები. შეკრების და მსვლელობის მიზანია მოუწოდოს სახელმწიფოს დაგეგმოს და განახორციელოს ეფექტური პოლიტიკა, რაც ჩვენი საჯარო სივრცეებიდან გამორიცხვის გამოცდილებას ინკლუზიით ჩაანაცვლებს.
სახელმწიფოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სიტყვიერი აღიარება, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ეფექტიანი პოლიტიკის წარმოების გარეშე არ ამცირებს ჩვენი უფლებების შელახვის სიმძიმეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში არასათანადოდაა წარმოდგენილი და ჩვენი უფლებების დაცვა თავად ჩვენი თემის წევრების ძალისხმევასა და ინიციატივაზე დამოკიდებული ხდება.
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია ჩვენი უფლებების გარანტირების მნიშვნელოვანი ჩარჩო დოკუმენტია. მიუხედავად იმისა რომ მისი რატიფიცირებიდან სამი წელი გავიდა, მასში აღნიშნული უნივერსალური ღირებულებები და პრინციპები დღემდე არ გამხდარა სახელმწიფოს პოლიტიკის არსებითი გადახედვის საფუძველი. კერძოდ, სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო კონვენციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყების ეფექტური ამოქმედება. ამასთან, არ გადახედა არსებულ კანონონმდებლობას და კვლავ ძალაში დატოვა სამედიცინო მიდგომა, რაც სრულად ეწინააღმდეგება თანამედროვე, სოციალურ მიდგომას. სახელმწიფოს ასევე არ გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომი გარემოს შექმნისათვის, რათა წარსული მემკვიდრეობის მიღებული ფიზიკური გარემო გონივრულ ვადებში და შეუქცევადად ჩაანაცვლოს გარემომ, რომელიც თავსებადი იქნება უნივერსალური დიზაინის პრინციპებთან. საერთოდ არ არსებობს ზრდასრულთა რეაბილიტაციის პროგრამა. სათანადოდ არ ხდება მონაცემების მოგროვება და სტატისტიკის წარმოება, რომელმაც უნდა მოგვცეს ინფორმაცია არსებული დაბრკოლებების და შესაძლებლობების შესახებ. ხელმიუწვდომელია ჯანდაცვის სერვისები. ჭიანურდება დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. არ გაგვაჩნია ინკლუზიური განათლების განვითარების სისტემური, თანმიმდევრული მიდგომა. საარჩევნო უბნების მიუწვდომლობა ხშირად განაპირობებს საარჩევნო უფლების დარღვევას. ეს ყველაფერი კი განაპირობებს ჩვენს გამორიცხვას მთელი რიგი უფლებებით სარგებლობის პროცესიდან!
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ მხარი დაუჭიროთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და შემოგვიერთდეთ “! - წერენ ორგანიზატორები სოციალურ ქსელ Facebook-ზე.