Atlasglobal-ის თვითმფრინავს, რომელიც ასრულებდა რეისს სტამბოლი-თბილისის მიმართულებით ამინდის გაუარესების გამო პრობლემები შეექმნა. როგორც ავიაკომპანიის კომერციული დირექტორი თამუნა თანდაშვილი განმარტავს, ყველა მგზავრი თავს უსაფრთხოდ გრძნობს და მათი თბილისში ჩამოყვანა კომპანია Atlasglobal-მა უკვე უზრუნველყო.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ რომ მგზავრები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. სამწუხაროდ ღამით ამინდი მკვეთრად გაუარესდა ფრენისას, რაც არ იყო პროგნოზით გათვალისწინებული. ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება.
საბედნიეროდ, Atlasglobal-ი ყოველთვის ცდილობს ასეთ დროს მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით მიიღოს ყველა საჭირო ზომა. დღეს დილით, გამთენიისას შესრულდა რეისი.
მფრინავებმა მათთვის ჩვეული პროფესიონალიზმით გაართვეს თავი ამ რთულ სიტუაციას. ყველა მგზავრი უვნებელი დაბრუნდა თბილისში", აცხადებს თანდაშვილი.
სტამბოლი-თბილისის რეისის მგზავრების ინფორმაციით თვითმფრინავს მეხი აფრენიდან 15-20 წუთში დაეცა, რამაც მისი დაზიანება გამოიწვია.
„როგორც გვითხრეს, 80 პროცენტი იყო იმის შანსი, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდნილიყო“, - აცხადებენ მგზავრები საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.
მათივე თქმით, თვითმფრინავი უკან, ათათურქის აეროპორტში დაბრუნდა, დაახლოებით ოთხსაათიანი ლოდინის შემდეგ კი, თბილისში სხვა რეისით გამოფრინდნენ.
მგზავრების განცხადებით, ბორტზე მყოფი პირებიდან არავინ დაშავებულა.