„რადიო თავისუფლება“ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ივლისიდან წყვეტს ორ უაღრესად წარმატებულ სატელევიზიო პროგრამას. ეს ნაწილია მაუწყებლის რესტრუქტურიზაციის პროცესისა, რომელიც, კრიტიკოსთა მტკიცებით, მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას.
მათი თქმით, "წითელი ზონა", რომელიც თითქმის ათწლეული გადიოდა ეთერში, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქვეყნის საბჭოურ მემკვიდრეობას, ხოლო „ინტერVIEW“ არის მწვავე დისკუსიებზე ორიენტირებული ტოკშოუ, რომლის მიზანია, საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდა და აქტიური პოლიტიკური დებატების ხელშეწყობა.
"რადიო თავისუფლების" პრეზიდენტის, თომას კენტის განცხადებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაწყვეტილება „გაწბილებას იწვევს, რადგან ამ ორ პროგრამას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საჯარო დისკურსსა და პოლიტიკურ განვითარებაში.“ მაგრამ, მისი თქმით, კომპანია იმედოვნებს, რომ პროგრამები სხვა პლატფორმებზე განაგრძობს არსებობას."
"რადიო თავისუფლება" ყურადღებას ამახვილებს მესამე სექტორის, მათ შორის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს", "კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის" და "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" რეაქციაზეც.
აქვე "რადიო თავისუფლება" განმარტავს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის იანვრიდან მუშაობს, თებერვალში გამოაცხადა, რომ მაუწყებლის გარდაქმნას გეგმავს.