პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის სხვადასხვა უბნის წყალმომარაგებაში გარკვეული შეფერხებაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" ოპერაციების მართვის დირექტორმა მამუკა კიკალეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პეკინის გამზირის მოსახლეობას შეზღუდვები არ შეეხება, თუმცა სხვა რაიონში შესაძლებელია მოხდეს.
„ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" გერმანელ ექსპერტებთან ერთად, იწყებს მასშტაბურ პროექტს. ჩვენ მთლიანად შევისწავლით, ჩავატარებთ ექსპერტიზას და მთლიან რეაბილიტაციას გავუკეთებთ ცხრაასმილიმეტრიან და ათას მილიმეტრიან თუჯის მილებს, რომელთა სიგრძე დაახლოებით 1300 მეტრია.
მთლიანად შეიცვლება 355-მილიმეტრიანი და 150-მილიმეტრიანი გამანაწილებელი ქსელი და ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, მთლიანად შეიცვლება საკანალიზაციო ჭები.
ამ პროექტში „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ დახარჯავს სამ მილიონ ლარს. ბუნებრივია, იქნება გარკვეული შეფერხებები წყალმომარაგებაში, თუმცა მოქალაქეებს ამის შესახებ ინფორმაციას წინასწარ მიაწვდიან და გააფრთხილებენ.
პეკინის მოსახლეობას შეზღუდვები არ შეეხება, თუმცა სხვა რაიონში შეიძლება მოხდეს. წყლის მიწოდების შეფერხება დაახლოებით რვა-თორმეტ საათს გაგრძელდება და არ იქნება გრძელვადიანი შეფერხება“, - განაცხადა მამუკა კიკალეიშვილმა.