ამერიკულმა ავიაკომპანია Indigo Partners-მა ევროპულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ში საკუთარი წილი გაყიდა. საუბარია უნგრული „ლოუკოსტერის“ 18,7%-იან (10,74 მლნ ჩვეულებრივი აქცია) წილზე.
ის, რომ Indigo Partners-ი წილს ყიდდა, ინფორმაცია Wizz Air-ის საიტზე 14 ივნისს გამოქვეყნდა. თუმცა 15 ივნისს უკვე ცნობილი გახდა, რომ „ლოუკოსტერის“ აქციებს მყიდველი გამოუჩნდა.
გარიგების ღირებულებამ 249 მლნ ფუნტი სტერლინგი შეადგინა (282,8 მლნ ევრო). განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქტივების მფლობელის ცვლილებიდან Wizz Air-ი შემოსავალს ვერ მიიღებს.
Indigo Partners-ი ასევე ფლობს 44,4 მლნ კონვერტირებად აქციას. მათი სრული კონვერტირების შემთხვევაში ინვესტორი დამატებით 24,2 მლნ ახალ ფასიან ქაღალდს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ Indigo Partners-ი Wizz Air-ის ინვესტორი 2004 წელს გახდა. Wizz Air-მა საკუთარი აქციები საფონდო ბირჟაზე 2015 წელს განათავსა, სადაც ერთი ფასიანი ქაღალდის ფასმა 11,5 ფუნტი (13,1 ევრო) შეადგინა. 15 ივნისის მონაცემებით კი აქციის ფასი 22,9 ფუნტი (26 ევრო) იყო.
თავის მხრივ Indigo Partners-ი ფლობს წილებს ისეთ დაბალბიუჯეტიან ოპერატორებში, როგორებიცაა Volaris-ი (მექსიკა), Frontier Airlines-ი და Spirit Airline-ი (აშშ), და ასევე Tiger Airways (სინგაპური).
Indigo Partners-ი ამ დროისათვის პოლონური LOT Polish Airlines-ის წილის შესყიდვითაა დაინტერესებული.