საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია „საზმაუ ჩვენია“ დაიწყო.
აქციის მონაწილეები მაუწყებელზე გადაცემების დახურვას აპროტესტებენ.
როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი და საზოგადოებრივის ყოფილი ჟურნალისტი ლაშა მესხი აცხადებს, მენეჯმენტისგან შეკითხვებზე პასუხს ელიან.
"ეს იყო შეფარული პროექტი. რაც თავიდან დაანონსეს, იმას მაინც აკეთებენ მაუწყებელში. რეალურად ეს პრობლემა არსებობს არა მხოლოდ ორ გადაცემებზე, არამედ ყველა გადაცემაზე აბსოლუტურად. მთავარი კითხვა არის - ხომ არ დგას საფრთხის ქვეშ თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ეს ევროპული ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში არის სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი გარანტი. შესაბამისად საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლები გამოვხატავთ პროტესტს და ველით, კონკრეტულ შეკითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ამ მენეჯმენტისგან", - განაცხადა ლაშა მესხმა.
აქციაზე იმყოფება „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაიაც და აცხადებს, რომ რადიო „თავისუფლებასთან“ კონტრაქტის გაწყვეტა და იმის განმარტება, რომ ტელევიზია არ აპირებს გარე სტუდიების და კერძო კომპანიების მიერ მომზადებული მასალების შესყიდვას, არის მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევაა.
„ამ გადაცემების დახურვა და მათ შორის რადიო „თავისუფლებასთან“ კონტრაქტის გაწყვეტა და იმის განმარტება, რომ ტელევიზია არ აპირებს გარე სტუდიების და კერძო კომპანიების მიერ მომზადებული მასალების შესყიდვას, არის მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-16 მუხლის დარღვევა. ასევე, გადაცემა „ვექტორის“ დახურვა, რომელიც პირდაპირ ემსახურება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის ხელშეწყობას, ამავე მუხლის დარღვევაა და არ შეიძლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი კანონმდებლობას არღვევდეს და ამ დარღვევით კიდევ უფრო ამძიმებდეს ვითარებას და ევროპულ ორიენტაციას, ევროპულ ღირებულებებს აყენებდეს ეჭვქვეშ. საზოგადოებას არ უნდა ასეთი ტელევიზიის დაფინანსება, სწორედ ამიტომ ვარ აქ დღეს. ვთვლი, რომ გადაწყვეტილებები არა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს ამ შემთხვევაში, არამედ ერთი პოლიტიკური გუნდის ინტერესების გახმოვანებას ემსახურება“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.
აქციის მონაწილეები სპეციალურ მიმართვას მოაწერენ ხელს, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გაუგზავნიან. ისინი სამეურვეო საბჭოსა და ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებებს მოითხოვენ.