აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს სესიაზე "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ" აჭარის კანონში ცვლილების შეტანის საკითხი წარადგინა.
„კანონპროექტში შესული ცვლილებები ქონების მართვისა და განკარგვის პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. ჩვენი მიზანია მოქალაქეებმა ნაკლები დრო და ფინანსური რესურსი დახარჯონ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების რეგისტრაციისას და მინიმუმამდე შემცირდეს ბიუროკრატიული პროცესები“-განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.
კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში, შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია ქონება უსასყიდლოდ გადასცეს ასევე „ფიზიკურ პირებს, ხელისუფლების ორგანო(ები)ს მიერ შექმნილი შესაბამისი კომისი(ებ)ის რეკომენდაციის საფუძველზე, სოციალური პირობების გაუმჯობესების ან/და ხელისუფლების ორგანო(ები)ს მიერ მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად.“
დღეს არსებული რედაქციით აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს ქონება გადაეცემათ სიმბოლურ ფასად 1 ლარად, რაც ქმნის ბევრ ბიუროკრატიულ ბარიერს. კერძოდ, უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება, ერთი ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, რის გამოც მოქალაქეს უწევს ვალდებულების რეგისტრაციის საფასურის გადახდა 55 ლარის ოდენობით. 1 ლარის გადახდის შემდეგ კი ქვითარი უნდა წარმოადგინოს სამინისტროში, ხოლო 4-5 სამუშაო დღის შემდეგ, სამინისტროს წერილობითი დასტური საჯარო რეესტრს უნდა წარუდგინოს.
ცვლილების მიღებით მოქალაქეები აღარ იქნებიან ვალდებულნი გაიარონ ეს პროცესები და ისინი საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შეძლებენ.
მე-19 მუხლის ცალკეული პუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია არაუმეტეს 49 წლის ვადით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ნორმით კანონი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონთან და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით არსებულ სახელმწიფო პოლიტიკასთან.
უმრავლესობამ კანონპროექტი "ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ" პირველი მოსმენით მიიღო.