„აუდიტორია 115“-ის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მათ ფილარმონიაში კონსტიტუციის განხილვის ჩაშლისთვის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მინდინარე პროცესების გაპროტესტებისთვის და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდაჭერისთვის სჯით.
სტუდენტური მოძრაობა ჯაშს შანტაჟსა და ცენზურის დაწესებაში ადანაშაულებს.
„საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის კანონი, რომლის შემუშავებაზე ბევრი ვიმუშავეთ, აღარ გავა და ეს იქნება „აუდიტორია 115“-ის სასჯელი. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ შეიძლება პარლამენტი ამ კანონს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მიუბრუნდეს და იყო მინიშნება, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „აუდიტორია 115“ წყნარად იქნება.
მოვუწოდებთ მარიამ ჯაშს და პარლამენტს, ჩვენ გვაქვს პრიორიტეტები, მიუხედვაად იმისა გავა თუ არა ეს კანონი, ჩვენ აუცილებლად ხმამაღლა ვისაუბრეთ ქვეყნის მთავარ პრობლემებზე. მთავარი საკითხი, რის გამოც ჩვენს და მინისტრს შორის გაწყდა კავშირი იყო ის, რომ ჯეჯელავამ პირდაპირ გვითხრა, რომ თუ „აუდიტორია“ დაწყნარდებოდა და არ ამოიღებდა ხმას არაფერზე, მაშინ მოხდებოდა სტუდენტური თვითმმართველობის რეოგრანიზაცია. მაშინ ჩვენ ვთქვით და ახლაც ვამბობთ, რომ ვერავითარი კანონის ვერ გატანა არ გაგვაჩერებს. ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვაფასებთ როგორც შანტაჟს, ცენზურის დაწესებას და ერთგვარად კანონპროექტით ვაჭრობად“, - აღნიშნა „აუდიტორია 115“-ის წევრმა გიორგი არობელიძემ.
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტში „ებერტის ფონდთან“ გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ერთ-ერთი განსახილველი თემა სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი იყო.
როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, ჯაშმა მათ დასჯაზე სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.