სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით, სასტუმრო „Tbilisi Marriott Hotel”-ში ICAO-ს ევროპის რეგიონის საავიაციო უსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფის (IE-REST) სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ და სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მასპინძლობენ.
საავიაციო უსაფრთხოების ექსპერტთა რეგიონალური ჯგუფის რიგით მერვე შეხვედრა საავიაციო მოვლენათა შეტყობინებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნება და მასში მონაწილეობას ევროპის რეგიონის სახელმწიფოების (ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბულგარეთი, თურქეთი, მოლდოვა, მონტენეგრო, რუსეთი, საფრანგეთი, საქართველო, სომხეთი) საავიციო ხელისუფლებების, აშშ-ს ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA), ICAO-ს, IATA-ს EUROCONTROL-ის, IFALPA-ს, AIRBUS-ის და BOEING-ის ექსპერტები იღებენ.
სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, გუშინ პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა განიხილეს საავიაციო მოვლენათა შეტყობინების ევროპული (რეგულაცია 376/2014) და საერთაშორისო (დანართი 13, ICAO) მოთხოვნები. ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონალური ბიუროსა და „IE-REST“ ჯგუფის მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის ჭრილში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ დანერგილი საავიაციო მოვლენათა შეტყობინების სისტემის განხილვას.
„IE-REST“ ჯგუფის წევრებმა მოისმინეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პრეზენტაცია სავალდებულო და ნებაყოფლობითი შეტყობინებებით შემოსული ინფორმაციების შეგროვების, დამუშავების და გაცვლის კუთხით ქვეყანაში არსებულ პროცედურებზე, საავიაციო მოვლენის შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე და კონფიდენციალობის დასაცავად მიღებულ ზომებზე.
„საავიაციო მოვლენათა შეტყობინება არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ინციდენტის მატარებელია ექვემდებარება შეტყობინებას და შემდეგ ხორციელდება ანალიზი. ანალიზის შედეგები გამოიყენება საავიაციო უსაფრთხოები შედეგების გასაუმჯობესებლად. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნული წესი დანერგა 2014 წლის 1 ივლისიდან. დაახლოებით ცხრაასამდე შეტყობინება გვაქვს ამ ეტაპზე მიღებული, რაც გვეხმარება მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზის განხორციელებაში“ - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგეტნოს დირექტორის მოადგილემ ლევან კარანაძემ.
ღონისძიების დასკვნით შეხვედრა ICAO-ს ევროპის რეგიონის საავიაციო უსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფის პლენარულ სხდომას დაეთმობა, სადაც მხარეები შეაჯამებენ როგორც მიმდინარე სამუშაო შეხვედრის შედეგებს, ისე განვლილი შეხვედრების განმავლობაში შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას. „Workshop“-ის მონაწილეებს, ICAO-ს ევროპის რეგიონალური ბიუროსგან სერტიფიკატები გადაეცემათ.
ICAO IE-REST წარმოადგენს ICAO-ს ევროპის რეგიონის საავიაციო უსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფს რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს (Safety Enhancement Initiatives) შემდეგი მიმართულებებით: საავიაციო უსაფრთხოების მართვა, ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართვა, პილოტების მომზადება და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოება. საქართველოს მხრიდან „ICAO IE-REST“ ჯგუფის წევრები სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და „საქაერონავიგაცია“ არიან.