თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობა ხეების გამო შეჩერდა.
როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომის გახსნისას, დავით ნარმანიამ განაცხადა, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობა განხორციელდებოდა, აუცილებელი იქნებოდა 87 ხე-მცენარის მოჭრა.
მისივე თქმით, თანხა, რომელიც კერძო კომპანიას გადაერიცხა, უზრუნველყოფილი იყო შესაბამისი საბანკო გარანტიით და თანხის დაკარგვა გამორიცხულია.
"რუსთავი 2-ის სიუჟეტის მიხედვით, დედაქალაქის მერიამ ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა ხელოვნურად გააჩერა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ გზასთან დაკავშირებით, საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებულ იქნა კერძო კომპანიის მიერ, რომელიც წარედგინა დედაქალაქის მერიას. სამუშაოების დაწყებამდე დაგეგმილი იყო იმ ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების მოჭრა, საუბარია 87 ხეზე, თუმცა ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი ანალიზი, ვნახეთ, რომ ავტომანქანების მოძრაობა არც ისე ინტენსიური იყო, რომ ამისთვის 87 ხე-მცენარე შეგვეწირა. ამიტომ მე პირადად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტი შეგვეჩერებინა და თანხები სხვა მიმართულებით გადაგვემისამართებინა. რაც შეეხება იმას, რომ კომპანიისთვის, რომელსაც სამუშაოები უნდა შეესრულებინა, გადარიცხულია 1 მილიონი ლარი და ეს არის დაკარგული, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული თანხა კომპანიას გადაერიცხა, შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ ავანსად, რაც გამორიცხავს აღნიშნული თანხის დაკარგვას. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები არ გაგრძელდება, რასაკვირველია, კომპანია ვალდებულია ეს თანხა დააბრუნოს უკან და დააბრუნებს კიდეც. ვსვამ კითხვას, თუ ჩვენ გავაკეთებდით აღნიშნულ ესტაკადას, დავხარჯავდით ფულს და მოვჭრიდით 87 ხე-მცენარეს, ასეთ შემთხვევაში საინტერესოა დაისმებოდა თუ არა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოჭრა დედაქალაქის მერიამ ქალაქის ცენტრში ხეები, სადაც ისედაც მწვანე საფარის ნაკლებობაა, ალბათ ამასთან დაკავშირებით იქნებოდა ძალიან დიდი კრიტიკა. ამიტომ, მე ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილება იყო მართებული. თანხები, რომელიც ამ პროექტის განსახორციელებლად უნდა გამოყენებულიყო, გამოყენებულია სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.