ეს [13 ივნისი] იყო საოცარი ერთობის, სამოქალაქო შეგნების, ადამიანობის დემონსტრირება, - ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე წერს.
კალაძე 2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას იხსენებს და წერს, რომ ეს ყველაფერი თითქოს ფილმში თუ კოშმარულ სიზმარში ნანახს ჰგავდა, იმდენად წარმოუდგენელი იყო, ასე პირისპირ დაჯახება სტიქიასთან რეალობაში.
„ორი წელი გავიდა იმ საშინელი ღამიდან. ყველას გვახსოვს თითოეული მსხვერპლის ისტორია. სტუდენტი გოგონები, დაკარგული ბიჭები, მამაკაცები და ქალბატონები, მოხუცები თუ ახალგაზრდები… ტრაგიკული ბედის მქონე ზოოპარკის თანამშრომელი ქალბატონი, მეორე დღეს ვეფხვის მსხვერპლი მამაკაცი… და გმირი მაშველი ზურაბ მურაზაშვილი!…
გვახსოვს რა ხდებოდა ცხოველების თავშესაფარსა და ზოოპარკში, ეს ყველაფერი თითქოს ფილმში თუ კოშმარულ სიზმარში ნანახს ჰგავდა, იმდენად წარმოუდგენელი იყო, ასე პირისპირ დაჯახება სტიქიასთან რეალობაში. ტრაგედიითა და მსხვერპლით თავზარდაცემული თბილისი მზიურის მოხალისეებმა გამოიყვანეს შოკიდან. ეს იყო საოცარი ერთობის, სამოქალაქო შეგნების, ადამიანობის დემონსტრირება.
ჩვენ, ვინც წლებია მრავალ უბედურებასთან ვიდექით პირისპირ, თითქმის ჩვევაში რომ გადაგვივიდა ეგოიზმი, გაუტანლობა ან ნიჰილიზმი საერთო საქმის მიმართ, უცებ აღმოვჩნდით ახალ რეალობაში.
დაკარგულს ვერაფერი აგვინაზღაურებს, სიცოცხლეს ვერავის დავუბრუნებთ, მაგრამ იმედი, რომ ჩვენს გვერდზე დიდი, თავდადებული ადამიანები არიან, გვიმსუბუქებს ტკივილს. ხსოვნა იყოს ყველა დაღუპულის. მადლიერება ყველას, ვინც სტიქიასა და მის შედეგებს შეებრძოლა“, - წერს კახა კალაძე.