ENG / RUS       12+

კონკურს „თბილისის“ დაარსების შემდეგ, შემოქმედებითი და კრეატიული სივრცე უფრო აქტიურია - თამარ ტალიაშვილი

რესპოდენტის შესახებ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კონკურსი ,,თბილისი“ ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა. კონკურსის დეტალებთან დაკავშირებით „ჯი-ეიჩ-ენი“ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს თამარ ტალიაშვილს ესაუბრა. 

- ქალბატონო თამარ, როდის და როგორ ჩაეყარა კონკურსს საფუძველი?

- 2014 წელს, როდესაც საკრებულოში დავიწყეთ საქმიანობა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი ალიბეგაშვილმა და მე, როგორც განათლებისა და კულტურის განყოფილების ხელძღვანელმა, გადავწყვიტეთ, შემოქმედებითი და კრეატიული სივრცე თბილისში უფრო აქტიური გამხდარიყო და აგრეთვე, ხელი შეგვეწო, როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე დარგების განვითარებისთვის. ამისათვის დედაქალაქში ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა - დაწყებული თანამედროვე ბალეტის დასის დაფუძნებით, დამთავრებული იმით, რომ ჩვენ ვზრუნავთ ქართული ენის ღირსეულად შენარჩუნებასა და დაცვაზე.

ამ პროცესის პარალელურად, ბუნებრივია, გაჩნდა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილიყო შემოქმედებითი კოკურსი, რომელიც მოიცავდა არა ერთ დარგს, არამედ კონკურსს, რომელიც ერთ პლატფორმაში გააერთიანებდა ხელოვნებისა და ლიტერატურის სხავდასხვა სფეროებს.

აქედან გამომდინარე, დავაფუძნეთ კონკურსი, რომელიც მოიცავს 9 ნომინაციას.

ესენია:  პროზა, პოეზია, ფერწერა, მუსიკა, ფოტოხელოვნება, ქანდაკება,  არქიტექტურა, სკოლის მოსწავლეებისათვის გათვალისწინებული - ,,წლის საუკეთესო ესსე“  და ჟიურის სპეციალური პრიზი.

კონკურისიც ჩამოყალიბების პროცესი არაერთ თვეს მოიცავდა. საბოლოოდ,  2015 წლის დასაწყისში მივიღეთ მისი სრული სახე.

- რა კრიტერიუმით შეირჩა კონკურსის სახელწოდება „თბილისი“?

- საზოგადოებას მივმართეთ, რომ შემოთავაზებინათ ამ კონკურსის სახელწოდება და მიღებული ვარიანტებიდან ამოვარჩიეთ ერთ-ერთი.

- არის თუ არა რაიმე შეზღუდვა კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის?

- ეს არის მაქსიმალური დემოკრატიული კონკურსი, არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა გარდა ერთი ერთისა - ნომინაცია სკოლის მოსწავლეებისათვის, რომელიც არის  თემატური და გააჩნია ყოველწლიურად თავისი თემა. წლევანდელი კონკურსისთვის კი ამ ნომინაციის თემებია:  „ილიას საქართველო“,   ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი შემოქმედება. თუმცა თავად სკოლის მოსწავლეებს სხვა კატეგორიებშიც შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.

- რამდენი გამარჯვებული შეიძლება ჰყავდეს თითოეულ ნომინაციას და რა კრიტეტიუმებით შეირჩევიან ისინი?

- თითოეულ ნომინაციას ჰყავს თითო გამარჯვებული, რომლებიც იღებენ, გია ჯაფარიძის მიერ საგანგებოდ კონკურსისთვის დამზადებულ ხოხბის ქანდაკებასა და საკრებულოს ფულად პრიზს, მაგრამ ამავე დროს, არსებობს ჟიურის სპეციალური პრიზი, რომელშიც ვლინდება ცალკე გამარჯვებული.

გარდა ამისა, ჩვენი კონკურსი გამოირჩევა სპონსორების სიუხვითა და ვფიქრობ, წელსაც ასე იქნება. საპრიზო ადგილებზე გასულებს სწორედ სპონსორები გადასცემენ ფასიან პრიზებს.

პრიზიორები ვლინდებიან ცალ-ცალკე თითოეულ ნომინაციაში და ისინიც სპონსორების პრიზების გარდა, იღებენ საკრებულოსაგან სტილიზებულ თასს, რომელზეც არის გამოსახულ არტეფაქტი - ხოხობი.

თუმცა საკრებულოს ფულად ჯილდოსა და ხოხბის ქანდაკებას მხოლოდ თითოელი ნომინაციის პირველადგილოსნები იღებენ.

- ჟიურის წევრებს ვინ არჩევს?

- ჟიური არის შვიდკაიცანი. საკრებულო არ ერევა წევრების შერჩევის ნაწილში, მათ არჩევს საორგანიზაციო ჯგუფი.

მნიშვნელოვანია, რომ ჟიურისათვის ნაწარმოების ავტორი არის ანონიმური, ყოველ მონაწილეს ენიჭება სპეციალური ნომერი, რათა მიუკერძოებლობის პრინციპი დაცული იყოს.

შარშან ისეთი წევრები იყვენ შერჩულნი, რომ მათ მიუკერძოებლობაში ეჭვი არავის შეეპარებოდა. ასე რომ, წელსაც ველი, ღირსეულ შემადგენობას, რადგან კონკურსი არის ძალიან პრესტიჟული და შესაბიმისად, ჟიურიში ყოფნაც.

მათი ვინაობა ჯერ არ არის  ცნობილი სწორედ იმისათვის, რომ  მაქსიმალურად  დავიცვათ კონფიდენციალურობისა და მიუკერძოებლობის კრიტერიუმები.

- სტატისტიკურად რომელ ნომინაციაში უფრო მეტი კანდიდატი იღებს მონაწილეობას?

- არის კატეგორიები, რომლებშიც იმდენი ადამიანი არ იღებს მონაწილეობას, როგორც დავუშვათ ლიტერატურასა თუ ფოტოგრაფიაში. ძალიან მახარებს და მეამაყება, რომ საქართველოში ქართულად წერის სიყვარული ასე აქტიურად არის, თუმცა სხვა კატეგორიებშიც დიდი აქტიურობაა. ჩვენ არ გავქვს მოთხოვნა, რომ ვთქვათ, ქანდაკება იყოს იმ მასშტაბის, რომელსაც ვხედავთ ქალაქში, შეიძლება იყოს მცირე ზომისაც ანუ ქანდაკება თავისი ნებისმიერი გამოვლინებით.

კრიტერიუმები კი ყველგან ერთია - მხატვეული ღირებულება, ორიგინალობა, ესთეტიკურობა და რა თქმა უნდა, ავტორის ხედვის განსხვავებულობა, მისი შემოქმედებითი დამოუკიდებლობა.

- უფრო მეტად თბილისიდან არის აქტივობა თუ რეგიონებიდანაც?

  • მონაწილეობას იღებენ საქართველოს ყველა რეგიონიდან. წინა წლების გამოცდილებით,  მეტი დაინტერესება იყო თბილისიდან, მაგრამ რეგიონებიდანაც მაღალი ჩართულობაა.  ამასთანავე, აქტიურობენ დიასპორებიც.  შარშან, ფერწერის ნომინაციაში სწორედ, ქართული დიასპორის წარმომადგენელმა გაიმარჯვა
  • როდის დასრულდება ნამუშევრების მიღება და როდისთვის იგეგმება დაჯილდოება?
  • 8 სექტემბერს დასრულდება ნამუშევრების მიღება და ოქტომბერში „თბილისობის“ ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, რომელშიც მონაწილეობაც შემოქმედი ადამაინებისათვის არის სასიამოვნო,  რადგან ძალიან ლამაზი ღონისძიება ეწყობა. პრიზების გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში და ეს ცერემონიაც დამატებითი საჩუქარია გამარჯვებულისათვის.

შეგახსენებთ, რომ ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ ,,თბილისობა -2017’’-ის  ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისი მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მწერალთა კავშირი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სს "ფინკა ბანკი საქართველო", "თელიანი ველი", სადაზღევო კომპანია "ირაო".   

ესაუბრა თამთა ქარქაშაძე, ჯი-ეიჩ-ენი

ავტორი: . .