გივი თარგამაძის მტკიცებით, მისი ავტომობილის აფეთქება ქართულმა და რუსულმა სპეცსამსახურებმა ერთობლივად დაგეგმეს - "შემსრულებლები წარსულში მკვლელობაში, ტერაქტში, ადამიანის გატაცებაში, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში მონაწილეობდნენ. მიმალვაშია მთავარი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი; გაათავისუფლეს მეორე ბრალდებული ბორის ჩაგუნავა; გამოძიება არაფერს ამბობს მესამე ბრალდებულ დიმიტრი აბრამიშვილზე. აფეთქება განახორციელა დავით ხეჩუაშვილმა. ის ასაფეთქებელ მასალას და ტექნიკურ დოკუმენტაციას ბორის ჩაგუნავას სახლში ინახავდა. დანარჩენი ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებები დიმიტრი აბრამიშვილმა თელავში შეიძინა. საქმეში არსებულ გამოუქვეყნებელ ვიდეოში დავით ხეჩუაშვილთან ერთად დიმიტრი აბრამიშვილიც ჩანს. შემსრულებლების დანაშაულებრივი საქმიანობა გადაიკვეთა მუხროვანის ამბოხებაში. დავით ხეჩუაშვილი ერთ-ერთი ორგანიზატორის, კობა ოთანაძის ნათელმირონი და თანამებრძოლია. მისი დის ქმარი ბორის ჩაგუნავა კი, ამბოხებაში ბრალდებულია. დიმიტრი აბრამიშვილი კი, ჭიჭიაშვილ-ციხისთავის ბანდის აქტიური წევრი იყო, რომელიც ამბოხებაში მონაწილეობდა. გამოძიება ამტკიცებს, რომ დავით ხეჩუაშვილი და დიმიტრი აბრამიშვილი საქართველოში არ იმყოფებიან, მაგრამ საზღვრის გადაკვეთა არ ფიქსირდება. დიმიტრი აბრამიშვილი მოსკოვში დეიდაშვილთან, რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელ მუხა ხანგოშვილთან იმყოფება. დავით ხეჩუაშვილის კვალი დაკარგულია”, - აცხადებს გივი თარგამაძე.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა და შედეგები წარადგინა.
გივი თარგამაძის ავტომობილი 2016 წლის ოქტომბერში ააფეთქეს. დაშავდა გივი თარგამაძე, მისი მძღოლი და 5 გამვლელი.