საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ზვიად გოდაძის განცხადებით, გაეროს წყაროებზე დაყრდნობით, სოსო ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია.
როგორც გოდაძემ აღნიშნა, ოსორაულის კვალი 13 მაისიდან იკარგება.
"დასტური არ გვაქვს, მაგრამ როგორც გაერო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვეუბნება, სოსო ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია. რაც საქმეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთო, გამოსასყიდზე არ ყოფილა საუბარი. ოჯახის წევრებს შეხვედრაზე ჩვენს ხელთ არსებული ყველა ფოტო-ვიდეო მასალა ვაჩვენეთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ მეამბოხეებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთ შვეულმფრენს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსორაული მართავდა, რომელიც ტყვედ აიყვანეს. ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა Facebook-ზე გაავრცელა. დავით ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდა. სოსო ოსორაული წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.
24 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონგოში მომხდარი შეტაკებების დროს ოსორაული, სავარაუდოდ,დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით, ბრიგადის გენერალმა, ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ ქართველი მფრინავის შესახებ სხვა იქ მყოფი სამხედროებისგან მიიღო ინფორმაცია და ირწმუნება, რომ ის ცოცხალია.