თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ქალაქის მერია დაეხმარება.
როგორც ნარმანიამ განაცხადა, ძირითადი ზიანი წვიმის შედეგად გლდანის რაიონს მიადგა.
მისივე ინფორმაციით, შექმნილია რაიონული გამგეობის თანამშრომლებისგან მოძრავი ჯგუფები, რომლებიც სტიქიისგან მიყენებული ზარალს ადგილზე სწავლობენ.
ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ამ დროისთვის, საავტომობილო გზებზე შეფერხებები არ არის.
„ძირითადი ზიანი გლდანის რაიონს მიადგა, სადაც სეტყვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ჩვენ დაუყოვნებლივ შევქმენით რაიონული გამგეობის თანამშრომლებისგან მოძრავი ჯგუფები, რომლებიც ადგილზე სწავლობენ მდგომარეობას, რათა დავეხმაროთ მოსახლეობას. მერია მოსახლეობას დახმარებას გაუწევს. მცირე მეწყერი ჩამოწვა წყნეთი-ახალდაბის დამაკავშირებელ გზაზე, რომელიც გაიწმინდა. ამ ეტაპზე შეფერხება არსად გვაქვს. მოძრაობა როგორც წყნეთი-ახალდაბის, ისე სხვა მონაკვეთებზე აღდგენილია.
„თბილსერვისის“ თანამშრომლები მუშაობენ, რათა დღის ბოლომდე დასრულდეს ყველა უბნის გაწმენდა, სადაც ნაშალი მასალაა ჩამოტანილი. არსებითი შეფერხებები არ გვაქვს",- განაცხადა თბილისის მერმა.