მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე გუნდები გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის HeForShe შეუერთდებიან. HeForShe-ს მხარდაჭერას მსოფლიო რაგბის სახელით მისი ტურნირის დირექტორი საიმონ კიბლი გამოუცხადებს. ღონისძიებაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და მსოფლიო რაგბს შორის ჩემპიონატის ფარგლებში თანამშრომლობაც გაფორმდება.
ღონისძიებაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ახალი სოციალური ვიდეორგოლი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა. იგი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და სპორტის საშუალებით ქალთა გაძლიერებას ემსახურება.
HeForShe გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური სოლიდარობის მოძრაობაა გენდერული თანასწორობისთვის. იგი მიზნად ისახავს ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში კაცების მონაწილეობის გაზრდას, რათა მათ მხარდაჭერის გამოხატვასთან ერთად სხვებსაც მოუწოდონ გენდერული თანასწორობის დაცვისკენ.