ბრიტანეთში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კონსერვატორებისთვის წარუმატებლად დასრულდა. მმართველი გუნდი მომავალ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით ვერ შევა. ტერეზა მეის კონსერვატიული პარტია პარლამენტში 314 მანდატს მიიღებს. მეორე ადგილზე 261 მანდატით ლეიბორისტები არიან. 12 მანდატი აქვთ ლიბერალ-დემოკრატებს. შოტლანდიელი ნაციონალისტები კი პარლამენტში 35 მანდატით შევლენ. დანარჩენი პარტიები 23 მანდატს გაინაწილებენ. ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებისთანავე ლეიბორისტთა ლიდერმა პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა. ჯერემი კორბინმა ღიად განაცხადა, რომ კონსერვატორებთან კოალიციაში შესვლას არ აპირებს. მოქმედი პრემიერი სავარაუდოდ კოალიციის შექმნას შეეცდება.