ხვალ, 9 ივნისს, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 16:00 საათზე გაიმართება უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტების რადიოთერაპიისა და ბირთვული მედიცინის ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია. ჰოსპიტალის საინვესტიციო ღირებულება 25 მილიონ ლარს შეადგენს, რაც არასამედიცინო კომპანიების მიერ განხორციელებული უპრეცედენტო ინვესტიციაა ქართულ მედიცინაში.
ცენტრში დანერგილი აპარატურა საშუალებას იძლევა ადრეულ სტადიაზე მოხდეს სიმსივნის დიაგნოსტიკა და მისი მაღალეფექტური მკურნალობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამბულატორიულ მომსახურებასთან ერთად კლინიკა პაციენტებს სთავაზობს სტაციონარულ მკურნალობასაც ბირთვული მედიცინის კუთხით. ახალ ჰოსპიტალში დასაქმებულია 30-მდე ექიმი, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური გადამზადება. ჰოსპიტლის სამედიცინო მართვისათვის მოწვეულია თურქეთის ერთ ერთი წამყვანი კლინიკა (ლივ ჰოსპიტალი), რომლის ექიმები, სამედიცინო ფიზიკოსები და ტექნიკოსები უზრუნველყოფენ მკურნალობის საერთაშორისო დონის სტანდარტებს. სხივური თერაპიის მიმართულებას ხელმძღვანელობს პროფესორი მერდან ფაიდა – სხივური მედიცინის მიმართულების წამყვანი სპეციალისტი თურქეთის სამედიცინო სფეროში. ჰოსპიტალის უმთავრესი მიზანია:
- საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ იგივე ხარისხის მომსახურება რასაც ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში მიიიღებენ. კლინიკაში მოსული თითოეული პაციცენტის მკურნალობის სტრატეგია ისაზღვრება „ტუმორ ბორდი“-ს მიერ, რომელიც შედგება უცხოელი და ქართველი პროფესორებისგან.
- ქართველი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოშივე, რის საშუალებასაც გვაძლევს წარმატებულ უცხოურ კლინიკასთან პარტნიორობა (Liv Hospital - http://www.livhospital.com/en/ )
მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ კლინიკა და გაეცნონ უახლეს მიღწევებს ბირთვულ მედიცინაში. ცენტრის გახსნაზე სიტყვით წარსდგებიან პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი, პროფესორი მერდან ფაიდა (სტამბული, თურქეთი) მერი ისტიროტი - Liv Hospital Group-ის კოორდინატორი (სტამბული, თურქეთი), ვალდემარ კოლოდზიეჯი - კომპანია ელექტას ვიცე პრეზიდენტი, მარტინა ქუიქი - შვედეთის ელჩი საქართველოში.