სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო. მან შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია 2016 წლის განმავლობაში DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ და ასევე გააცნო უახლესი მიღწევები DCFTA-ს სფეროში. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ საქართველოდან თაფლის ექსპორტის დაშვებასა და ევროკავშირში საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის აღიარების შესახებ.
გენადი არველაძემ ჯგუფის მონაწილეებს წარუდგინა DCFTA-ს შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი ვებგვერდი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნეს- ასოციაციის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი - საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებმა.