წელს საქართველოში აივ ინფიცირების 251 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრის ინფორმაციით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.
ცენტრის ცნობით, საქართველოში სულ აივ-ით ინფიცირების 6382 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 4752 - მამაკაცია, 1630 კი ქალი. აქედან შიდსი განუვითარდა 3562 პაციენტს, რომელთაგან 1292 გარდაიცვალა.
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა.
როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრი განმარტავს, მართალია, მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორეს მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 7000-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.