ხვალ, 8 ივნისს , 14.00 საათზე, ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგიგახარია კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ახალ საინვესტიციო პროექტს გააცნობს, რომელიც მიზნად ისახავს თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი (პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით) ითვალისწინებს საქართველოში ლოგისტიკის დარგის განვითარებას. ამისთვის შემუშავდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება საქართველოში ორი თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით. დოკუმენტი ცნობილმა გერმანულმა კომპანია Dornier Consulting International-მა მოამზადა.
პროექტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილს, რომლის მიზანია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის უკეთ გამოყენება და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზება.