იმოგზაურო და თან ამისათვის ფული მიიღო? ეს მართლაც, რომ ბევრის ოცნებაა. თუმცა სწორედ ამას ითვალისწინებს პროექტი World Life Experience, რომელიც მზადაა 12 ადამიანს ყოველთვიურად მოგზაურობისთვის 2,5 ათასი ევრო გადაუხადოს. ვაკანსია პროექტის ვებ-გვერდზე უკვე გამოცხადებულია.
პროექტი 1 წლიანია და ამ ხნის განმავლობაში მის მონაწილეებს მსოფლიოს 40 ქვეყანაში სხვადასხვა პირობებში მოუწევთ ცხოვრება. თუმცაღა პროექტის პირობაა, რომ მათ ერთობლივად უნდა იმოგზაურონ.
ასევე, მათ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ადგილობრივ სოციალურ ორგანიზაციებთან და შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალა World Life Experience-ს საიტზე განათავსონ.
ორგანიზატორები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ მათი მოგზაურობიოს ხარჯები მთლიანად დაფარონ, საუბარია გადაფრენებზე, დაზღვევაზე, განთავსებაზე. პროექტში მონაწილეობას 6 კაცი და 6 ქალი მიიღებს და მათი ასაკი 20-25 წელი იქნება. პროექტი მათ 2 კვირიან შვებულებასაც ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრაცია World Life-ს საიტზე უკვე წარმოებს და ის 30 ივნისს დასრულდება.